რუსეთში სამხედრო ქარხანა 6 თვის განმავლობაში მეორედ აფეთქდა
11/11/2023 11:00:30 მსოფლიო
რუსეთში, ტამბოვის ოლქში მდებარე სამხედრო ქარხანაში აფეთქება მოხდა და ხანძარი დაიწყო.
როგორც ადგილიდან თვითმხილველები იუწყებიან, ინციდენტამდე მათ ჰაერში ქარხნის მიმართულებით მფრენი დრონი შენიშნეს, ცოტა ხანში კი პირველი აფეთქების ხმა გაისმა.
რუსეთის ხელისუფლებას დრონის შეტევა ამ დრომდე არ დაუდასტურებია. როგორც საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში აცხადებენ, ხანძარი ამ დროისთვუს ლოკალიზებულია და ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
აღსანიშნავია, რომ ეს ნახევარი წლის განმავლობაში ამ ქარხანაში მომხდარი უკვე მეორე აფეთქებაა. ივნისში ანალოგიური ინციდენტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და კიდევ რამდენიმე დაშავდა. მაშინ ხელისუფლებამ მომხდარი ადამიანური ფაქტორით ახსნა.


