მედია: მოსკოვი-ბათუმის რეისი სუპერჯეტის მწყობრიდან გამოსვლის გამო უკან გაბრუნდა
10/11/2023 11:17:51 პოლიტიკა
რუსული ავიაკომპანია "Red Wings"-ის თვითმფრინავი Sukhoi Superjet, რომელიც დღეს მოსკოვი-ბათუმის რეისს ასრულებდა, დომოდედოვოს აეროპორტში დაბრუნდა.
მოსკოვის აეროპორტში მისი დაბრუნების შესახებ ინფორმაცია პორტალ Flightradar-ზეცაა ხელმისაწვდომი.
ტელეგრამ-არხმა «Свой в Батуми» ბორტ-გამცილებელზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ მიზეზი იმ ხელსაწყოს მწყობრიდან გამოსვლაა, რომელიც "მთების გავლით ფრენისთვისაა საჭირო".
ბათუმის აეროპორტის საიტზე მითითებულია, რომ რეისი 4 საათით იგვიანებს. იგივე განუცხადეს "აქცენტს" ბათუმის აეროპორტის მმართველ კომპანია TAV Georgia-შიც.
ცნობისთვის: სულ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა Red Wings-ის განცხადება, რომლის თანახლად, კომპანია საქართველოს ქალაქებში ფრენის გეოგრაფიას ზრდიდა და დეკემბრიდან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებისკენ რეისების რაოდენობა კვირაში 23-ს მიაღწევდა. დაგეგმილია ფრენები მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, ყაზანიდან, სამარიდან, ეკატერინბურგიდან, ჩელიაბინსკიდან და სოჭიდან.
რუსული მედიის ინფორმაცით, ოქტომბერში საქართველოსკენ მომავალი Sukhoi Superjet 100-ის მწყობრიდან გამოსვლის გამო რუს ტურისტებს ბორტზე რამდენიმე საათის გატარება მოუწიათ. მაშინ ინციდენტი რუსული ავიაკომპანია "აზიმუტის" სუპერჯეტს შეემთხვა, რომელიც თბილისში სოჭიდან მოფრინავდა.


