OSCE/ODIHR: "კარვების კანონი" არ უნდა იყოს მიღებული"
10/11/2023 10:52:57 პოლიტიკა
სახალხო დამცველის განცხადებით, მისი მიმართვის საფუძველზე, OSCE/ODIH–Rმა შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე სასწრაფო დასკვნა მოამზადა და ის კრიტიკულად შეაფასა.
დასკვნა დღეს გამოქვეყნდა და მასში მითითებულია, რომ კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული.
OSCE/ODIH–მა დასკვნის მომზადებისას კონსულტაციები გაიარა გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში. როგორც OSCE/ODIH მიუთითებს, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება ასევე იცავს გრძელვადიან დემონსტრაციებს, გახანგრძლივებულ მჯდომარე აქციებს, ადგილის დაკავების ტიპის მანიფესტაციებს და მოიცავს შეკრების ფორმისა და ტიპის არჩევის თავისუფლებასაც.
როგორც დასკვნაშია აღნიშნული, ზოგიერთ შემთხვევაში, პროტესტის კონკრეტულმა სახემ და ფორმამ, მაგალითად, კარვების დროებითმა ბანაკებმა, შესაძლოა მისი გზავნილისაგან განუყოფელი სიმბოლური მნიშვნელობაც კი შეიძინოს. შეკრების სახესთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა არ უნდა შეაფერხოს მისი გზავნილის ეფექტური კომუნიკაცია და არ უნდა იქონიოს მსუსხავი ეფექტი უფლების განხორციელებაზე.
"შეკრების ფორმასა და ტიპთან დაკავშირებული შეზღუდვები შესაბამისობაში უნდა იყოს კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობის, პროპორციულობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დადგენილ მოთხოვნებთან", - აღნიშნულია დასკვნაში.
დასკვნაში დეტალურადაა განხილული კანონპროექტის შეუსაბამობა საერთაშორისო სტანდარტებთან. ეუთო/ოდირი მიუთითებს, რომ ცვლილებების პროექტით გათვალისწინებული შეზღუდვის საფუძვლები ფართოა და ნათლად განსაზღვრული არ არის, რამაც ხელისუფლების მხრიდან შესაძლოა მისი თვითნებური ან დისკრიმინაციული გამოყენება გამოიწვიოს.
ასევე, დასკვნაში მითითებულია, რომ აქციებით გამოწვეული ჩვეულებრივი ცხოვრებისეული რიტმის დარღვევა, მათ შორის საგზაო მოძრაობის დროებითი შეფერხება, კომერციული საქმიანობისთვის ზიანის მიყენება უნდა იყოს შეწყნარებული, სანამ ის სხვებს არააუცილებელ და არაპროპორციულ ტვირთს არ აკისრებს.
OSCE/ODIH მიუთითებს, რომ დროებითი კონსტრუქციების აღმართვის აკრძალვა, როდესაც ის არააუცილებლად ან აქციებთან დაუკავშირებლადაა მიჩნეული, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და გაეროს კონვენციებით დადგენილ ლეგიტიმურ მიზნებს და გაუმართლებელია.
როგორც OSCE/ODIH აცხადებს, არ არის ნათელი, რატომაა არსებული სამართლებრივი ჩარჩო არასაკმარისად მიჩნეული მაშინ, როდესაც ის უკვე შეიცავს დებულებებს გზის ხელოვნურად გადაკეტვასთან, ასევე საეჭვო ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით პოლიციის უფლებამოსილებების თაობაზე.
დროებითი კონსტრუქციების აღმართვის გამო ყველაზე მკაცრი ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება (15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჯარიმასთან და კონფისკაციასთან ერთად) ასევე შეფასებულია არაპროპორციულად და მსუსხავი ეფექტის მქონედ უფლების განხორციელებაზე.
როგორც OSCE/ODIH მიერ მომზადებულ დოკუმენტშია მითითებული:
შემოთავაზებული ცვლილებები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს პოლიტიკური განსხვავებული აზრის დისკრიმინაციულად ჩასახშობად. დასკვნაში უარყოფითადაა შეფასებული ასევე კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების წესი.
OSCE/ODIH იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი მხედველობაში მიიღებს დასკვნას და უარს იტყვის კანონპროექტის საბოლოოდ მიღებაზე.


