ზურაბიშვილი კოალიციურ მთავრობაზე საუბრობს
10/11/2023 09:29:15 პოლიტიკა
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია "ევროპამ ასე უბრალოდ არ მოგვცეს სტატუსი" და მას თან ახლდეს მომავალ არჩევნებზე ევროპული თანადგომა, რათა ქვეყანას საშუალება მიეცეს, გადალახოს ეს ეტაპი და ერთი პარტიის რეჟიმიდან კოალიციურ მულტიპარტიულ მმართველობაზე გადავიდეს". ამის შესახებ მან Radio France info-სთან საუბრისას განაცხადა.
"მომავალი წლის ბოლოს არჩევნები გვაქვს და ამ არჩევნებზე ნამდვილი ევროპული მომავალი გადაწყდება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს გზავნილი, რომელსაც ვაჟღერებ აქ და სხვა ევროპულ დედაქალაქებში: - რომ ევროპამ ასე, უბრალოდ არ მოგვცეს სტატუსი, არ გადმოგვიგდოს როგორც საღრღნელი ძვალი, არამედ ამ სტატუსს თან უნდა ახლდეს ევროპული თანადგომა, ჩართულობა, სწორედ არჩევნებზეც, რათა საშუალება მოგვცეს გადავლახოთ ეს ეტაპიც, რომელიც ახალი, დემოკრატიული ეტაპია, თუ როგორ უნდა გადავიდეთ ერთი პარტიის რეჟიმიდან ნამდვილ, კოალიციურ მულტიპარტიულობაზე", – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის: 8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ რეფორმებს განახორციელებს.


