ევროკავშირის ელჩი: ვიმედოვნებ, რუსეთის სანქციებთან საქართველოს შესაბამისობა გაიზრდება
10/11/2023 10:16:49 პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, იგი იმედოვნებს, რომ რუსეთის სანქციებთან საქართველოს შესაბამისობა გაიზრდება.
მისი თქმით, საქართველო მიმართავს დიდ ძალისხმევას, არ დაუშვას ქვეყნის ტერიტორიის გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისთვის გვერდის ასავლელად.
"ჩვენ კოლექტიურად ჩავთვალეთ, რომ რუსეთი უნდა დაისაჯოს იმისთვის, რასაც უკრაინაში სჩადის. ამიტომაც, ჩვენი წევრი ქვეყნების ეკონომიკებისთვის მძიმე ფასის მიუხედავად, გადავწყვიტეთ, განგვეხორციელებინა ეს სანქციები და შემიძლია, გითხრათ, რომ მიმდინარეობს მუშაობა მორიგ პაკეტზე. ამას არ ვაკეთებთ მარტოები, არამედ ჩვენ მსგავსად მოფიქრალ პარტნიორებთან ერთად, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს ჩათვლით, "დიდი შვიდეულის" ფარგლებში და ვცდილობთ, ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთზე, რაც შეიძლება ბევრი საერთაშორისო პარტნიორის მონაწილეობით.
საქართველო ერთ-ერთია იმ პარტნიორ ქვეყნებს შორის, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებში მკაფიოდ უჭერენ მხარს რუსეთის იზოლაციას. ამავდროულად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, არ შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ ვაჭრობის სფეროში ჩვენ მიერ დაწესებულ სანქციებს. სრულად მესმის დასაბუთება: საქართველო [რუსეთის] მეზობელი ქვეყანაა. მისი ეკონომიკა დიდად განსხვავდება ჩვენისგან და რუსეთთან ვაჭრობა მისთვის ჯერაც ძალიან მნიშვნელოვანია. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მომავალში რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ მიერ დაწესებულ და ყველა სხვა სანქციებთან საქართველოს შესაბამისობა გაიზრდება. გამოვთქვამთ სინანულს [საქართველოსა და რუსეთს შორის] პირდაპირი რეისების აღდგენაზე გადაწყვეტილების მიღების გამო. ოთხ დღეში რუსეთის სასტიკი, არაპროვოცირებული, უსაფუძვლო შეჭრიდან, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ერთსულოვნად გადაწყვიტეს, აეკრძალათ რუსეთის ყველა ავიაკომპანიის ყველა თვითმფრინავის ყველა რეისი. ნამდვილად დასანანი იყო, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, დაეშვა პირდაპირი რეისები [რუსეთთან]", - განუცხადა ელჩმა "რადიო თავისუფლებას".
8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ რეფორმებს განახორციელებს.


