
დოთიაშვილის მამა: მოვიდა და სამძიმარზე წავიდა, ვერ ლაპარაკობს, ვერ ვიცანი
10/11/2023 07:38:30 საზოგადოება
ლევან დოთიაშვილს, რომელიც ოკუპანტების ტყვეობიდან 9 ნოემბერს გათავისუფლდა, ჯერ საჯაროდ არ უსაუბრია.
ცნობილია, რომ მას ჩაუტარდა ექსპერტიზა, იმყოფებოდა თანასოფლელ თამაზ გინტურის ოჯახში სამძიმარზე.
ოჯახი მის მძიმე ემოციურ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„მოვიდა და სამძიმარზე წავიდა, მეც კი არ მისაუბრია...ვერ ლაპარაკობს...მის თვალწინ მოკლეს კაცი... უყურებდა, როგორ მოკლეს. რა და როგორ მოხდა, გეტყვით...ვერ ვიცანი ისეთ მდგომარეობაშია“,– თქვა დოთიაშვილის მამამ.
იმავეს ამბობს დოთიაშვილის მეუღლე.
"ამ ეტაპზე არის შეუძლოდ, თავს ცუდად გრძნობს ნამდვილად, არ აქვს ძალა ლაპარაკის, იმედია მოიკრებს ძალებს და მერე ყველაფერს მოგახსენებთ თვითონ. არ არის ძალიან მძიმედ ნაცემი, მაგრამ თვითონ უფრო კარგად გეტყვით ყველაფერს, ამაზე არ გვისაუბრია სულ რაღაც ნახევარი საათის მოსულია, მთელი ღამე გავათენეთ პოლიციაში", - ყვება ცოლი სოფიო ანდრიაძე.
დოთიაშვილი ქართულ მხარეს 9 ნოემბერს გადმოსცეს. მას სახის არეში აღენიშნებოდა დაზიანება. სუს–ის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ანთაძემ თავად დოთიაშვილზე დაყრდნობით თქვა, რომ კაცმა დაზიანება უკანონო დაკავებისას მიიღო.
ის ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის ერთადერთი მოწმეა, ამიტომ მისი ჩვენების მიმართ მაღალი ინტერესი არსებობს და როგორც თავად სუს–ში განაცხადეს, გამოძიებისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოებების დასადგენად.
ოკუპანტებმა 6 ნოემბერს ლომისას სალოცავთან მოკლეს გინტური, დოთიაშვილი გაიტაცეს. მან ტყვეობაში სამი დღე გაატარა.