
ვატიკანმა სექსუალური ძალადობის შესახებ საქმეებთან მიმართებაში “პაპის საიდუმლოება” გააუქმა
17/12/2019 16:34:49 სხვა, მსოფლიო
რომის პაპმა ფრანცისკმა გააუქმა “პაპის საიდუმლოება”, რომელიც სამღვდელოების მხრიდან სექსუალური ძალადობის საქმეების მიმართ მოქმედებდა. ახალი დოკუმენტის თანახმად, მსგავსი ინციდენტების შესახებ ინფორმაცია შეიძლება, განსაჯაროვდეს, როცა ბრალდებულს ბრალი უკვე წაუყენეს, ან სასამართლო პროცესია დაწყებული.
პაპმა ფრანცისკმა ასევე 18 წლამდე გაზარდა ზედა ასაკობრივი ზღვარი, რომლიდანაც ვატიკანი პორნოგრაფიას ბავშვთა პორნოგრაფიად აღიარებს (ბოლო -2010 წლის დოკუმენტში იგი 14 წლით იყო განსაზღვრული).
დოკუმენტები რომის პაპის დაბადების დღეს გამოქვეყნდა. სამშაბათს იგი 83 წლის გახდა.
ახალ დებულებებს რწმენის დოქტრინის კონგრეგაციამ უნდა დაუჭიროს მხარი, რომელიც, მათ შორის, პედოფილი სასულიერო პირების საქმეებს იხილავს.
2001 წელს პაპმა ბენედიქტ XVI-მ “პაპის საიდუმლოება” შემოიღო, როგორც ეკლესიაში გასაიდუმლოების უმაღლესი ფორმა საქმეებისთვის, რომლებიც სასულიერო პირთა სექსუალურ ძალადობას ეხებოდა. ვატიკანი დაჟინებით იმეორებდა, რომ კონფიდენციალურობის მსგავსი დონე აუცილებელი იყო მსხვერპლთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, ბრალდებულის რეპუტაციისა და კანონიკური პროცესის ურღვევობის დასაცავად,
თუმცა მსგავსი გასაიდუმლოება ასევე პედოფილიის შემთხვევების მიჩქმალვას უწყობდა ხელს, წინაღობებს უქმნიდა გამოძიებას და მსხვერპლთ გაჩუმებას აიძულებდა. ზოგიერთი მათგანი “პაპის საიდუმლოებას” პოლიციაში მიმართვის აკრძალვად აფასებდა, - აღნიშნავს “Associated Press”.