
როგორ ეძებდნენ მოსკოვის დაკვეთით აფხაზეთში „ქართველ დივერსანტებს“
09/11/2023 18:09:26 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში „ქართველი დივერსანტების“ ძებნის 48-საათიანი ეპოპეა, როგორც იქნა, დასრულდა. დასრულდა უშედეგოდ: მასშტაბურ ოპერაციაში ჩართულმა სრულიად აფხაზურმა ძალოვანმა კორპუსმა და ავიაციამ „დივერსანტთა“ ვერც 50-კაციან ჯგუფს მიაკვლიეს, ვერც 7-კაციანს და საერთოდაც, ვერავის საეჭვოს.
როგორც ცოტა ხნის აფხაზ ჟურნალისტებს „უშიშროების სახელმწიფო კომიტეტიდან“ აცნობეს, „მიღებული ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩატარებული მასშტაბური ოპერაცია დასრულებულია და რესპუბლიკაში დივერსიული ჯგუფის კვალი არ აღმოჩნდა“.
საინტერესოა ამ „მიღებული ინფორმაციის“ წყარო, რომელიც მოსახლეობისთვის ამ დრომდე გაურკვეველი რჩება, - თუმცა ისევე, როგორც ის, თუ რას წარმოადგენდა ზოგადად მთელი ეს 48-საათიანი სპექტაკლი.
საქმე ისაა, რომ თავდაპირველად ცნობა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზეთში დივერსიული ჯგუფის ვითომდა გადასვლის შესახებ 8 ნოემბერს თავის იუთუბ-არხ «Соловьев. Live»-ში კრემლის ცნობილმა პროპაგანდისტმა ვლადიმირ სოლოვიოვმა გაავრცელა. მასში ჯგუფის რიცხოვნობად 50 კაცი სახელდებოდა, მიზნად - „ტერაქტი სოხუმის აეროპორტის წინააღმდეგ“, ხოლო ამ ინფორმაციის წყაროდ - „აფხაზეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო“... ბუნებრივია, აფხაზური მედიის წარმომადგენლებმა უმალვე მიმართეს დე ფაქტო თავდაცვის უწყებას, თუმცა აღმოჩნდა, რომ მას მსგავსი ინფორმაცია არ გააჩნდა. ხოლო კიდევ მოგვიანებით, აფხაზი ჟურნალისტების მიერ დე ფაქტო სამინისტროს უარმყოფელი კომენტარის გავრცელების შემდეგ ინფორმაცია თავად «Соловьев. Live»-მაც წაშალა.
და ამბავი ამით შეიძლებოდა, დასრულებულიყო. მით უფრო, რომ აფხაზეთში სოლოვიოვის არხს დიდი ხანია, სადეზინფორმაციო საშუალებად მიიჩნევენ და სარკაზმით „ბულბულის გალობად“ (соловей ბულბულს ნიშნავს) მოიხსენიებენ. თუმცა საქმეში ჩაერთო აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტრო: ისევ და ისევ რუსულ მედიაში გამოჩნდა „მინისტრ“ რობერტ კიუტის განცხადება, რომლის თანახმად, „ადგილობრივმა მონადირეებმა გულრიფშის რაიონის სოფელ აზანთას მიდამოებში შენიშნეს საეჭვო 7-კაციანი ჯგუფი ყოველგვარი ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, რომლის წევრები, გამოწყობილნი შავ სამოსში, ნიღბებსა და ჩაფხუტებში, შეიარაღებულნი იყვნენ უცხოური წარმოების იარაღით, სავარაუდოდ - М-4-ებით და გააჩნდათ კვადროკოპტერი, რომელიც გადაადგილებისას მათ თავზე დაფრინავდა“. „ჩვენი ძალოვანები ამჟამად გულრიფშის რაიონში სავარაუდო დივერსანტების საძიებო ოპერაციას ატარებენ. ვარკვევთ, ვინ არიან, საიდან და რა ხდება ზოგადად. სოხუმის ყველა მისადგომი გადაკეტილია“ - ნათქვამი იყო დე ფაქტო მინისტრის რუსული მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შუაღამისკენ იმავე დე ფაქტო უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შექმნილი იყო სპეციალური ოპერატიული შტაბი დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ძალოვანი უწყებები კოორდინირებულად აგრძელებდნენ სავარუდო დივერსანტთა ჯგუფის ძებნას და საეჭვო პირთა კვალი იმ ეტაპისთვის აღმოჩენილი არ იყო.
ეს გაუგებარი სპექტაკლი გაგრძელდა მეორე დღეს - 9 ნოემბერსაც. დე ფაქტო შსს-მ გაავრცელა ახალი განცხადება, რომლის თანახმად, სამძებრო ოპერაციში უკვე ავიაციაც იყო ჩართული და ადგილზე იმყოფებოდა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ფაქტობრივად ყველა მაღალჩინოსანი, „პარლამენტის“ სპიკერის ჩათვლით.
და აი, დღეს საღამოს უხილავი ჯგუფის საძიებო ოპერაცია, როგორც იქნა, დასრულებულად გამოცხადდა: არავითარი დივერსანტთა ჯგუფი აფხაზეთში არ აღმოჩნდა. თუმცა სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში ამ ამბის ემოციური განხილვა ახლაც არ წყდება.
უნდა აღინიშნოს, რომ „რესპუბლიკაში საქართველოდან დივერსანტთა ჯგუფის შეღწევის“ შესახებ ინფორმაციამ ადგილობრივებში იმთავითვე არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია: სოცქსელების აფხაზ მომხმარებელთა უდიდესმა ნაწილმა იგი ფეიქად აღიქვა, თუმცა იყვნენ შეშფოთებულებიც. კომენტარებში ერთმანეთს ენაცვლებოდა ირონია, პანიკა, სარკაზმი და მთელი ამ სპექტაკლისთვის რაიმე ლოგიკური საფუძვლების ძიების მცდელობები. პირადად მე ბევრმა მათგანმა გამახალისა. შემოგთავაზებთ რამდენიმეს:
- «თურმე, აეროპორტის წინააღმდეგ სნდომებიათ ტერაქტის მოწყობა... ამიხსნის ვინმე, რისთვის? აეროპორტი ხომ ისედაც არ ფუნქციონირებს! როგორც ჩანს, რუს ინვესტორს უნდა დაჰხმარებოდნენ ინფრასტრუქტურის ნარჩენების მიწასთან გასწორებაში!“;
- «გულრიფშის რაიონში ვართ. მეორე ღამეა, არ გვძინავს. რა გაღლიცინებთ, ხალხო? სამწუხაროა, საფრთხეც კი რომ ვეღარ გვაერთიანებს!»;
- «ესე იგი, მესაზღვრეებსა და სამხედროებს კი არ შეუმჩნევიათ ეს დივერსიული ჯგუფი, მონადირეებმა შენიშნეს! და იმათაც რომ ვერ შეემჩნიათ? რანაირად გადმოიპარა 50- ან გინდ 7-კაციანი ჯგუფი?! - ჩვენი ძალოვანები რა, ბუზებს ითვლიან? და ვის იმედად უნდა ვიყოთ ასეთ შემთხვევაში?!»;
- «შევხედავ ერთი, ვის იპოვიან საბოლოოდ. სოლოვიოვმა, როგორც სჩვევია, რაღაც დააბრეხვა თავის მიზნებში, ჩვენი ძალოვანები კი გულრიფშს ეძგერნენ და ეძებენ არ ვიცით, ვის და არ ვიცით, სად! სამაგიეროდ ვეღარავის გვძინავს!»;
- «ბოლოს და ბოლოს, 50-ნი არიან თუ შვიდნი? - გაგვაგებინონ წესიერად, თუ საერთოდ არიან, რა თქმა უნდა! ცოტა ხანში ალბათ, მთელ "დივერსიულ ბატალიონს" გამოგვიცხადებენ!“;
- „კვადროკოპტერით იკვლევდნენ გზას? GPS-ტრეკერი ალბათ, სახლში დარჩათ!»;
- „ხანდახან ისე ხდება, რომ მონადირეები შენიშნავენ სხვა მონადირეებს და დივერსანტები ჰგონიათ, რადგან დღეს მონადირეები დივერსანტებზე არანაკლებ არიან აღჭურვილები, თუ მეტად არა, მათ შორის - არანაკლები იარაღითა და კვადროკოპტერებით. ანუ, შესაძლოა, დივერსანტები კი არა, მონადირეების ჯგუფი იყო. ვნახოთ, საბოლოოდ ვის იპოვიან“;
- „თუ მონადირეები იყვნენ, ნიღბები და ჩაფხუტები რაში დასჭირდათ? - სთრაიქბოლის მონაწილეები იყვნენ?“;
- „ვეძებთ მას, ვინც ბუნებაში არ არსებობს! უახლოეს ხანებში გამოჩნდება, რისი გადაფარვა სურდათ ამ აბსურდული ისტორიით ჩვენებს ან მოსკოვს, მაგრამ კარგად კი ვიხალისე“.
ბოლო კომენტარი, ჩემი ხედვით, ყველაზე ახლოსაა რეალობასთან. ამ კონტექსტში საგულისხმოა დრო, როცა რუსულმა მედიამ ეს ამბავი ააგორა: ეს მოხდა სწორედ იმ დღეებში, როცა ცნობილი გახდა ევროკომისიის მიერ საქართველოსვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებაზე დადებითი რეკომენდაციის გაცემის შესახებ და ორიოდ დღეში მას შემდეგ, რაც რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალის მიდამოებში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩვენი ქვეყნის მოქალაქე თამაზ გინტური მოგვიკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. სხვათა შორის, დღეს მოსკოვი საქართველოს წინაშე ამ მორიგ მზაკვრულ დანაშაულზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდა, როგორც ყოველთვის - ცინიკური „არგუმენტებით“.
თუმცა არსებობს სხვა ვარაუდიც: „დივერსიული“ სპექტაკლი აფხაზეთში გათამაშდა დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მოსკოვში მორიგი ვიზიტის ფონზე, რომლის ფარგლებშიც იგი, მათ შორის, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველ მოადგილეს - ნურგალიევსაც შეხვდა. ეს ის რუსი მაღალჩინოსანია, რომლის ვაჟის კომპანიასაც გადასცა ბჟანიამ სულ ცოტა ხნის წინ, საზოგადოებრიობის პროტესტის მიუხედავად, პროპაგანდისტ სოლოვიოვის მიერ „ქართველ დივერსანტთა ჯგუფის“ სამიზნედ დასახელებული სოხუმის აეროპორტი.
ახლა სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში არაერთი კომენტატორი გამოთქვამს ეჭვს, რომ ბჟანია მოსკოვიდან მორიგი არასასიაოვნო სიურპრიზებით დაბრუნდება, რომლებიც მისი რუსი „ბოსებისთვის“ აფხაზეთში მორიგი სტრატეგიული ობიექტის ჩუქებასთან შეიძლება, იყოს დაკავშირებული.