
ილია II: იმთავითვე ვუჭერდით მხარს ევროინტეგრაციას და ვიმედოვნებთ, ჩვენი ქვეყანაც ღირებულ წვლილს შეიტანს დიდი ევროპული ოჯახის შემდგომ წინსვლაში
09/11/2023 18:55:32 საზოგადოება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეხმიანება ევროკომისიის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის თაობაზე.
"წლების განმავლობაში ევროკომისართა და ევროკავშირის სხვა წარმომადგენელთა მხრიდან ყოველთვის ხაზი ესმებოდა იმას, რომ საქართველოს უნიკალური კულტურა ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილია და, რომ ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციების, სულიერი ფასეულობებისა და, ზოგადად, მისი უძველესი კულტურის შენარჩუნება და განვითარება თავად ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია. ამიტომაც, ჩვენ იმთავითვე ვუჭერდით მხარს ევროინტეგრაციას და ვიმედოვნებთ, ჩვენი ქვეყანაც ღირებულ წვლილს შეიტანს ამ დიდი ევროპული ოჯახის შემდგომ წინსვლაში.
ეს გადაწყვეტილება არის ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგი და ყველას ვულოცავთ ამ წარმატებას",– ნათქვამია პატრიარქის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.