
"ჩვენი ეკლესია ლოცულობს მშვიდობისთვის" – ილია მეორე ისრაელის ელჩს შეხვდა
09/11/2023 14:23:09 საზოგადოება
საქართველოს პატრიარქი ილია II ისრაელის ელჩს შეხვდა.
საპატრიარქო აღნიშნავს, რომ შეხვედრა ელჩის ინიციატივით გაიმართა.
როგორც ოფიციალურ ინფორმაციაში ვკითხულობთ, საუბრისას ხაზი გაესვა ჩვენს ხალხებს შორის საუკუნეთა მანძილზე არსებულ ძმურ ურთიერთობას. ამასთან, ელჩმა დამსწრეთ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება გააცნო და დაწვრილებით ისაუბრა 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმისა და განვითარებული მოვლენების შესახებ.
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მწუხარება გამოთქვა ისრაელში გარდაცვლილთა და გატაცებულთა გამო, სამძიმარი გამოუცხადა დაზარალებულთა ოჯახებს და დასძინა, რომ ჩვენი ეკლესია ლოცულობს მშვიდობისა და მძევალთა გათავისუფლებისათვის",– ვკითხულობთ შეხვედრის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თავის მხრივ ელჩმა ჰადას მეიცადმა პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და პატივისცემა გამოხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ქართული ეკლესიისადმი.
საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ესწრებოდნენ.