
„ბაზრიდან ახალი მოსული იყო, დაღლილ–დაქანცული... შინ პატარა შვილები ელოდებიან“ – დოთიაშვილის მეუღლის პირველი კომენტარი
09/11/2023 10:35:58 საზოგადოება
ოკუპანტების მიერ 6 ნოემბერს გატაცებული ლევან დოთიაშვილის მეუღლემ – სოფიო ანდრიაძემ 9 ნოემბერს პირველად ისაუბრა მედიასთან.
ის ამბობს, რომ დოთიაშვილი მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა, შემდეგ წავიდა იმყოფებოდა სასაფლაოზე.
„ბაზრიდან ახალი მოსული იყო, დაღლილ–დაქანცული, საშინაო ფორმით არის წასული“,– ამბობს სოფიო ანდრიაძე და განაგრძობს, „დააბრუნონ მშვიდობიანად, მეტს არაფერს ვითხოვ. შინ პატარა შვილები ელოდებიან. ის არის ოჯახისთვის ყველაფერი“.
ქალი ამბობს, რომ არაფერი იცის ოჯახმა არც დოთიაშვილის ჯანმრთელობის შესახებ, არც ის, ჩატარდა თუ არა ე.წ. სასამართლო პროცესი.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ სასაფლაოზე, სადაც თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი იმყოფებოდნენ, კიდევ ოთხი ადამიანი იყო. შემდეგ დოთიაშვილი და გინტური ავიდნენ ლომისას ტაძართან, სადაც კიდევ ერთი ადგილობრივი – თამაზ პაპიტაშვილი იმყოფებოდა, თუმცა უშუალოდ მკვლელობის ფაქტს ის არ შესწრებია.
კაცი ამბობს, რომ სოფელში დაბრუნებულმა გაიგო სამი გასროლის ხმა, ხოლო ოკუპანტებმა შემდეგ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან ახლოს ჩამოაგორეს გინტურის ავტომანქანა. ამ ავტომანქანასთან წვდომის შესაძლებლობა ქართველ სამართალდამცველებს მხოლოდ 8 ნოემბერს მიეცათ. მანამდე ოკუპანტებმა დოთიაშვილს დაარეკინეს 112–ზე გინტურის ტელეფონით, შემდეგ ტელეფონიც და თავად დოთიაშვილიც გაიტაცეს. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს გინტური გარდაცვლილი დახვდა.