პრეზიდენტი საფრანგეთში გაემგზავრა
09/11/2023 09:56:57 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი "პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა, რომელიც 10-11 ნოემბერს გაიმართება.
"ხვალ საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან ალან ბერსესთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს პანელის მუშაობაში, რომელიც კონფლიქტებისა და კრიზისების საკითხებს განიხილავს ,,From Multicrisis to Multiconflicts: how to stop the vicious circle“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მანამდე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გააცხადეს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს.
სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას გუშინ განაცხადა, რომ მიემგზავრება პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი და რომელსაც, მათ შორის პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.
ზურაბიშვილის თქმით, „ნებსით თუ უნებლიეთ გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა“.
„რაც შემეხება მე, პირადად, რასაც ვაკეთებდი აქამდე, იმას გავაკეთებ და გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატურის ლობირებას. ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი. მონაწილეობა უნდა მივიღო შარლ მიშელთან ერთად პანელში, რომელიც განიხილავს კრიზისებს და კონფლიქტებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


