Al Mayadeen: სირიის არმია აშშ-ის სამხედროებთან ბრძოლაში შევიდა
09/11/2023 09:01:13 მსოფლიო
სირიის არმია მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით ბრძოლაში შევიდა ამერიკულ ჯარებთან და სირიის დემოკრატიულ ძალებთან (SDF), რომლებსაც ისინი მხარს უჭერენ. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ისრაელისა და ამერიკის საჰაერო ძალებმა დეირ ეზ-ზორის აღმოსავლეთ უბნებზე დარტყმები განახორციელეს,– იუწყება ტელეარხი Al Mayadeen.
Al Mayadeen ცნობით, გამოყენებულ იქნა სხვადასხვა ტიპის იარაღი, მათ შორის მძიმე არტილერია და რაკეტები. ბრძოლა გვიან ღამით დაიწყო და დაახლოებით ერთ საატში ინტენსივობა შემცირდა.
8 ნოემბრის ღამეს ისრაელის საჰაერო ძალებმა შეუტიეს სირიის „ზოგიერთ სამხედრო პუნქტს სამხრეთ რეგიონში“, რამაც გამოიწვია მატერიალური ზარალი, – იტყობინება სირიული სააგენტო SANA. ამავდროულად, შეერთებულმა შტატებმა აღმოსავლეთ სირიაში იარაღის საცავი დაარტყა.
პენტაგონმა განმარტა, რომ ამერიკულმა გამანადგურებლებმა შეტევა თავდაცვის მიზნით განახორციელეს, რადგან საწყობს იყენებდნენ ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) და მასთან დაკავშირებული ჯგუფების წარმომადგენლები. დარტყმა ასევე პასუხი იყო ერაყსა და სირიაში ამერიკელ პერსონალზე თავდასხმების სერიაზე, ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა.
Al Mayadeen–ის ცნობით, აშშ-ის საჰაერო ძალების ქმედებების საპასუხოდ, შიიტური მოძრაობა „ერაყის ისლამური წინააღმდეგობის“ ნაწილებმა ექვსი რაკეტა ესროლეს ამერიკულ სამხედრო ბაზას კონიკოს გაზის საბადოს მახლობლად აღმოსავლეთ სირიაში. მოგვიანებით, იმავე ძალებმა მინიმუმ 15 რაკეტა გაუშვეს ამერიკულ ბაზის მისამართით, რომელიც მდებარეობს ალ–ომარის ნავთობის საბადოს მიდამოში, იუწყება – Al Mayadeen. ასევე ჩრდილოეთ ერაყში, ჰარირის სამხედრო აეროდრომზე მდებარე ამერიკულ საჰაერო ბაზას დრონებით დაესხნენ თავს.
ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომის დაწყების შემდეგ, ერაყსა და სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე და კოალიციის ძალებზე თავდასხმები გახშირდა. პენტაგონის ცნობით, ბაზებზე 40-ზე მეტჯერ განხორციელდა თავდასხმა რაკეტებითა და დრონებით. თავდასხმების სერიის შედეგად ათობით ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა, – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა.
მისი თქმით, თავდასხმები ამერიკულ ბაზებზე მცირე მასშტაბისაა, მაგრამ აშშ-ის სამხედრო სარდლობა მათ აფასებს, როგორც „საგანგაშოს და საშიშ“ს. ”ჩვენი ყურადღება გამახვილებულია უფრო ფართო რეგიონული კონფლიქტის შეკავებაზე”, - ხაზგასმით აღნიშნა რაიდერმა.
The Washington Post-ის ცნობით, ამჟამად ერაყში დაახლოებით, 2500 ამერიკელი ჯარისკაცია განლაგებული, ხოლო სირიაში – დაახლოებით 900.
ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ სირიის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა პალესტინელ ბოევიკებს და ისრაელის პასუხს "სიონისტური ტერორიზმი" უწოდა.


