
უფლებადამცველები: საქართველოში აქტივისტი რაფაილ შეპელევი გაუჩინარდა, ის შესაძლოა რუსეთის იზოლატორში იმყოფებოდეს
08/11/2023 11:02:21 საზოგადოება
რაფაილ შეპელევი, მოძრაობა „არტპოდგოტოვკას“ წევრი საქართველოში გაუჩინარდა, ის შესაძლოა რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდეს, – იუწყება უფლებადამცველი პროექტი "Первый отдел".
როგორც იუწყებიან, 12 ოქტომბერს შეპელევი თბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე მდებარე სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. სახლში მისი პირადი ნივთები დარჩა. მისი თანამოაზრეების თქმით, ის საქართველოში ერთ წელზე მეტ ხანს ცხოვრობდა და რუსეთში დაბრუნებას არ აპირებდა. უკვე 13 ოქტომბერს ვლადიკავკაზის სოვეცკის რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი დამნაშავედ ცნო „წვრილმან ხულიგნობაში“.
ორგანიზაციის ცნობით, რაფაილ შეპელევს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, გათავისუფლების შემდეგ კი ტერორისტული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.