
გინტურის ძმა: ვთხოვ გომეალურს, გააკეთოს ერთი საგუშაგო, რომ სოფელი დაცული იყოს
08/11/2023 08:52:15 საზოგადოება
6 ნოემბერს ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომეალურს სოფელ კირბალში საგუშაგოს განთავსების თხოვნით მიმართავს.
"ჩემი მოთხოვნაა, ვთხოვ გომეალურს, დააყენოს გინდა, მესაზღვრე, გინდა, გააკეთოს ერთი საგუშაგო, რომ სოფელი იყოს დაცული", - ამბობს გინტური.
ის მომხდარის დეტალებსაც იხსენებს და ამბობს, რომ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მისი ძმა უკვე გარდაცვლილი დახვდა:
"ჩემი ძმა იყო ომის მონაწილე, მაიორი კაცი იყო და შეიძლება ყველაფერი იცოდნენ, 2008 წლის მონაწილე რომ იყო და მაგის გულისთვის მოუწყვეს ჩასაფრება. დროული დახმარება რომ ყოფილიყო, როგორც ჩვენი სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ მივიდნენ მაგ მომენტში, დაღუპული ჩამოიტანეს ზემოდან უკვე. [...] სასწრაფო რომ მივიდა, უკვე დაღუპული იყო. [...] მიზანმიმართულად არის ნასროლი, თავდასხმით 2 კაცი 9 კაცს როგორ დაესხმებოდა თავს, ეგენი იყვნენ ეკლესიაში შესულები და თვითონ ოკუპანტები დაესხნენ თავს".
ადგილობრივების ცნობით, ოკუპანტებს კირბალის მიმდებარედ ორი საგუშაგო აქვთ განთავსებული, სადაც ბოლო პერიოდში აქტიურობა შეინიშნება – უსაფრდებიან ადგილობრივებს, იტაცებენ. განსაკუთრებით 6 ნოემბერს მომხდარი მკვლელობის შემდეგ ადგილობრივები თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ, მით უფრო, რომ არ არის განსაზღვრული ტერიტორიები, სად აქვთ გადაადგილების უფლება.
ოკუპანტებმა 6 ნოემბერს ლომისას სალოცავზე ასული თამაზ გინტური მოკლეს, მისი თანმხლები ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს.