მედია: ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას დამატებითი პირობებით გასცემს
08/11/2023 08:11:50 პოლიტიკა
ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას დამატებითი პირობებით გასცემს, – იუწყება "რადიო თავისუფლება".
ბრიუსელში "რადიო თავისუფლების" წყაროების თანახმად, ევროკომისრები ამ დროისთვის შეთანხმებული არიან, საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან გაუწიონ რეკომენდაცია, რომ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ ქვეყანა ცხრა მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს.
მისი ცნობით, 9 დათქმიდან ზოგიერთი ახალია, ზოგი კი 12 ევრორეკომენდაციიდანაა.
"რეკომენდაციებიდან დათქმებში გადმოინაცვლებს: პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა; სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა - განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში; ქვეყანაში ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლების გაუმჯობესება - და ცესკოსთან ერთად, ჩამონათვალს დაემატება ეროვნული ბანკი და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; სასამართლო რეფორმა; კორუფციასთან ბრძოლა; დეოლიგარქიზაცია; ადამიანის უფლებების, უმცირესობების, მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების უფლებების დაცვა.
ახალია დათქმაა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლაზე. ევროკომისია ასევე ყურადღებას ამახვილებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოოს. ამჟამად ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი დაახლოებით 43%-ია, როდესაც ორიოდე წლის წინ 60%-ს აჭარბებდა. გაცილებით მაღალია მოლდოვისა და უკრაინის მაჩვენებლები", – იუწყება "რადიო თავისუფლება".
გარდა ამისა, Politico ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს ევროკავშირის ლიდერებს, უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ".
„მწვანე შუქი უკრაინისა და მოლდოვისათვის: ევროკომისრები უკვე შეთანხმდნენ იმ დიდ კითხვებზე, რომლებიც გაშუქდება დღევანდელ გაფართოების ანგარიშში: ისინი რეკომენდაციას გაუწევენ ევროკავშირის ლიდერებს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით - იმ პირობებით, რომ ქვეყნები გაატარებენ კანონის უზენაესობის დაცვასთან დაკავშირებულ რეფორმებს. კარგი ამბავია თბილისისთვისაც: ისინი ასევე რეკომენდაციას გაუწევენ, რომ ევროკავშირის მთავრობებმა საქართველოს მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი“,- წერს გამოცემა ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
ამასთან, The Guardian წერს, რომ ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს საქართველოსთვის ოფიციალური კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული ოფიციალური გადაწყვეტილება ევროკომისიამ 8 ნოემბერს, საქართველოს დროით 15:00 საათისთვის უნდა გამოაცხადოს. სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო დეკემბერში მიიღებს.


