ილია დარჩიაშვილი 8 ნოემბერს ბრიუსელში ჩავა
07/11/2023 19:32:53 პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ვიზიტით 8 ნოემბერს ბრიუსელს ეწვევა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის შეხვდება.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს, რომელიც 8 ნოემბერს გამოქვეყნდება, ასევე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სამომავლო ნაბიჯებს.
ევროკომისია 8 ნოემბერს საქართველოს შესახებ, რომელსაც ევროკავშირის წევრობაზე აქვს განაცხადი გაკეთებული და კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, საკუთარ რეკომენდაციას გამოაქვეყნებს. შემდეგ უკვე წევრმა სახელმწიფოებმა დეკემბერში უნდა იმსჯელონ საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
ევროკომისიის შუალედური ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამი ჰქონდა სრულად შესრულებული.


