ხელისუფლება ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთას უარყოფს, თუმცა გორის მერი ადასტურებს

2019-03-15 18:49:28
277

საქართველოს სახელისუფლებო უწყებები ოკუპანტების მიერ დიდ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთას უარყოფენ.

როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, „რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები – საოკუპაციო ხაზს მიღმა“. 

„არ დაფიქსირებულა ინციდენტი მათი გადმოსვლისა, წვდომისა ან რაიმე ტიპის დამატებითი ბარიკადების მშენებლობისა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამ ეტაპისთვის ინციდენტი არის განმუხტული. სრულიად არის აღდგენილი თავისუფლად გადაადგილება, თუმცა ეს მოსახლეობისთვის არც შეზღუდულა  და არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია ", – განაცხადა ციხელაშვილმა. 

მინისტრმა ყველას, მათ შორის მედიასაშუალებებს მიმართა თხოვნით, ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებას მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ:

„ჩვენ ვცხოვრობთ ამ მოცემულობაში, როდესაც ტერიტორიები ოკუპირებულია, საუბედუროდ, დგანან რუსი ჯარისკაცები და თქვენ იცით, რომ ამ პირობებში ჩვენი ამოცანა არის, თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი პროვოკაცია“.

ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტების გადმოსვლის ფაქტს სუს–შიც უარყოფენ:

„არ დაფიქსირებულა არანაირი ინციდენტი, ისევე, როგორც ბორდერიზაციის ახალი კერა. ადგილზე პატრულირებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ჩვენ ვართ მუდმივ კომუნიკაციაში. გარდა ამისა, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან ან განცხადებისგან, რამაც შეიძლება, მოახდინოს სიტუაციის პროვოცირება და საფრთხე შეუქმნას ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს,“ - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.

ანალოგიური განცხადება კადრებთან ერთად გაავრცელა შსს-მაც.

ხელისუფლების ერთადერთი წარმომადგენელი, რომელმაც რუსი ოკუპანტების მიერ დღეს საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთა დაადასტურა, გორის მერია.

"მივიღე ინფორმაცია, რომ ხურვალეთში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხინვალის მხრიდან 3 ნიღბიანი შეიარაღებული პირი გადმოვიდა. პოსტი იქ თებერვალში გააკეთეს და ახლა იმ პოსტიდან დაახლოებით 10 მეტრით აქეთ არიან გადმოსულები, მოქალაქის ნაკვეთში დგანან. ამჟამად თბილისიდან ადგილზე გავდივარ. ადგილზე ჩვენი პოლიციაა მობილიზებული და როგორც მითხრეს, ჯერ-ჯერობით იქ სიწყნარეა”, – განაცხადა დღესკონსტანტინე თავზარაშვილმა.

ცნობისთვის: "ანტისაოკუპაციო მოძრაობამ" დღეს ხურვალეთის მკვიდრთა ნაწილზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობები რუსი ოკუპანტების მიერ გორის მუნიციპალიტეტის ნაწილობრივ ოკუპირებული სოფელ ხურვალეთის ბოლოს დაკავების შესახებ.