ჰელსინკის კომისია: საქართველოში რუსული გავლენა ბრუნდება, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ამ დესტრუქციული გზიდან გადაუხვიოს

25-04-2024 22:49:12

აშშ-ის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია, რომელიც ჰელსინკის კომისიის სახელითაც არის ცნობილი, "აგენტების" შესახებ კანონპროექტს კიდევ ერთხელ ეხმიანება და აცხადებს, რომ "საქართველოში რუსული გავლენა ბრუნდება".

კომისია, "ხელისუფლებას მოუწოდებს, დესტრუქციული გზიდან გადაუხვიოს".

"დამოუკიდებლობის აღდგენიდან ათწლეულების განმავლობაში ბრძოლის შემდეგ საქართველოში რუსული გავლენა ბრუნდება. სამარცხვინოა, რომ საქართველოს მმართველი პარტია, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს და მისი უახლოესი მეგობრების რჩევებს, კიდევ ერთხელ აბრუნებს რუსული სტილის "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტს. ეს კანონპროექტი, სხვა თავდასხმებთან ერთად საქართველოს სულ უფრო მეტად დასუსტებულ დემოკრატიაზე, მიზნად ისახავს ძირი გამოუთხაროს სამოქალაქო საზოგადოებას, დათრგუნოს აზრის თავისუფლება და არადემოკრატიულად გააძლიეროს რეჟიმის ძალაუფლება.

შემაძრწუნებელია იმის დანახვა, რომ საქართველოს მთავრობა ასე თავხედურად ესხმის თავს თავისი ხალხის ნებას და მის ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. შეერთებული შტატები საქართველოს ის ერთგული მეგობარი იყო, რომელიც უზრუნველყოფდა უსაფრთხოების კუთხით კონკრეტულ დახმარებას, პოლიტიკურ მხარდაჭერას და მილიარდობით დოლარის ფინანსურ დახმარებას. რუსეთმა კი, პირიქით, მხოლოდ უბედურება, ნგრევა და სამხედრო ოკუპაცია მოუტანა.

FARA-სთან ან უცხოური გავლენის მონიტორინგის ნებისმიერ სხვა დასავლურ მექანიზმებთან შედარებები მიზანმიმართული დეზინფორმაციაა, რომელიც კრემლის ძველ სასაუბრო პუნქტებს იმეორებს. შეერთებული შტატები ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მეგობრად რჩება და ჩვენ ამ პრინციპების მხარდაჭერას გავაგრძელებთ. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ამ დესტრუქციული გზიდან გადაუხვიოს”, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები