კახიანმა „ქართულ ოცნებაში“ ბესელიას დარჩენის პირობა დაასახელა

2019-01-11 11:58:05
391

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი კახიანის განცხადებით, გუნდში ეკა ბესელიას დარჩენა მნიშვნელოვანწილად თავად ბესელიას ქმედებებზე იქნება დამოკიდებული.

„უმრავლესობის რიგებში მსჯელობა იმაზე, რომ ეკა ბესელიამ დატოვოს უმრავლესობა, არ ყოფილა და იმედი გვაქვს, არც მოგვიწევს. მაგრამ ეს მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იქნება თავად ეკას ქმედებებზე, რა განცხადებებს გააკეთებს და როგორ იმოქმედებს. გუნდურობის იდეა უნდა იყოს დაცული და თუ დაპირისპირება ისეთ სახეს მიიღებს, რომ ერთად ყოფნა შეუძლებელი იქნება, ამის შემდეგ ბუნებრივია, შესაბამისი მსჯელობებიც იქნება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვას, როგორც კახიანმა აღნიშნა, ამ თემას პარლამენტი კანონში შესაბამისი ცვლილებების შემდეგ განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

აღნიშნულ კანდიდატებზე მსჯელობა პარლამენტის საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო. სიას თავად მმართველ გუნდში განხეთქილება მოჰყვა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა ეკა ბესელიამ და გადაწყვეტილება სწორედ ამ სიას დაუკავშირა. მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე მას სიის მხარდაერისკენ მოუწოდებდა. გარდა ამისა, რიგმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ სიის მხარდაჭერის შემთხვევაში მმართველ გუნდს დატოვებენ. გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ბესელია გუნდურობის პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულა.    

ამავე თემაზე: "ამბოხებული დეპუტატები რას იტყვიან, ნაკლებად მნიშვნელოვანია"

"ასეთი პოზიციებით ალბათ, გუნდში ერთად ვერ დავრჩებით"