პირველი სისხლი ზამთრის შესაძლო ომში

2018-11-29 00:00:44
502

გასულ კვირა დღეს, 25 ნოემბერს რუსეთის უსაფრთხოების ფედეალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს კატარღებმა შავი ზღვის რუსული ფლოტის მხარდაჭერით უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ორი კატარღა - “ნიკოპოლი” და “ბერდიანსკი” დააკავეს, თუმცა მანამდე ცეცხლი გახსეს. უკრაინულ ხომალდებს, რომლებიც მარიუპოლისკენ მიემართებოდნენ, აზოვის ზღვაში ბუქსირი მიაცილებდათ. 2003 წლის შეთანხმებით, რომელსაც მოსკოვიც კი მოქმედად მიიჩნევს, აზოვის ზღვა და ქერჩის სრუტე უკრაინა-რუსეთის ერთობლივ შიდა წყლებად ითვლება. თუმცა მოსკოვი ამტკიცებს, რომ უფლება აქვს, იქ უცხოური სამხედრო ხომალდები არ შეუშვას, კიევი კი აცხადებს, რომ იქ გავლის უფლება გააჩნია.

ჩვენს [რუსეთის] ხელისუფლებასა და სახელმწიფო პროპაგანდას თავის მტვრევა მოუწიათ იმის მეტ-ნაკლებად მისაღები მიზეზის მოსაფიქრებლად, რატომ იყო, რომ უკრაინულ კატარღებს ჯერ დიდი ხნის განმავლობაში არ უშვებდნენ აზოვის ზღვაში, ხოლო მას შემდეგ, რაც საბოლოოდ შემოტრიალდნენ და შინისაკენ - ოდესისკენ აიღეს გეზი (“გიურზა-ემი”-ს ტიპის მცირე კატარღებს ავტონომიური ცურვის ხანგრძლივობა მხოლოდ 5 საათი აქვთ), რუსმა სამხედროებმა (მესაზღვრეებმა) გარე საფრთხის არარსებობის პირობებში ცეცხლი გახსნეს და სამი უკრაინელი მეზღვაური დაჭრეს (კიევის მონაცემებით, დაიჭრა 6). უკრაინული კატარღები და ბუქსირი ეკიპაჟებითურთ (23 თუ 24 ადამიანი) ტყვედ აიყვანეს და ქერჩში გადაიყვანეს.

გიურზა-ემი”-ს ტიპის მდინარის კატარღებს 5-კაციანი ეკიპაჟი ჰყავთ, გააჩნიათ ჯავშანსაფარი და ორი საბრძოლო მოდული “შტურმის” ტიპის სახმელეთო БМ-3-სგან: ერთი – წინ, ერთიც – უკან. თითოეული მათგანი 30-მმ-იანი კალიბრის ავტომატური ზარბაზნით, ასევე ავტომატური ყუმბარმტყორცნითა და უკრაინული წარმოების ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს “ბარიერ-ვეკა”-თია აღჭურვილი. ამგვარად, ეს ერთგვარი დაწყვილებული მცურავუ საბრძოლო ჯავშანმანქანაა, რომელსაც ძალუძს, აწარმოოს ახლო ბრძოლა წყალზე, ან ცეცხლი გაუხსნას სამიზნეს ნაპირზე. და, ჩემი აზრით, თავისთავად ეს ორი უკრაინული “გემუკა” ყირიმის ხიდისთვის, ან აზოვი-შავი ზღვების რეგიონში, ცასა და წყალზე რუსეთის ტოტალური დომინირებისთვის რეალურ საფრთხეს არ ქმნიდა.

რუსული მხარე ირწმუნება, რომ “ყირიმის ხიდის” ქვეშ გავლის შესახებ განაცხადი “დადგენილი წესით” არ იყო წარდგენილი, თუმცა ეს, ცხადია, ცოცხალი ადამიანებისთვის ცეცხლის გახსნის მიზეზად ვერ გამოდგება. იმ არაერთი საათის განმავლობაში, რომელიც 25 ნოემბერს დაპირისპირება გაგრძელდა, ალბათ, თავისუფლად შესაძლებელი იყო გზების მოძიება უკრაინული ხომალდებისთვის ან აზოვის ზღვაში გავლის, ან შინ - ოდესაში დაბრუნების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად.

თუმცა ბოლო წლებში აღმასრულებელთა აგრესია საერთოდაც თავზეხელაღებული გახდა: დიპლომატები თავხედობენ, საკადრო მზვერავები დივერსიებს აწყობენ ევროპულ ქალაქებში, მფრინავები და მეზღვაურები შეჯახების რისკით უცხოურ ხომალდებსა და თვითმფრინავებს ესხმიან თავს. შეტევითი ჩარევა ყველა დონეზე და ყველა გარემოში ხორციელდება. აგერ, სროლამდეც მივიდა საქმე.

ამასთან, უკრაინული კატარღების უკან ხელმძღვანელობა, რაღა თქმა უნდა, მთავარ მოწინააღმდეგეს – ევროკავშირსა და ნატო-ს ხედავს, რომლებიც ოფიციალურმა მოსკოვმა უკვე გააფრთხილა «აზოვისა და შავი ზღვების აკვატორიებში რუსეთთან კონფლიქტის შესაძლო პროვოცირების მოსალოდნელი სერიოზული შედეგების” შესახებ.

მაინც რაშია უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ მსგავსი მარშრუტების შერჩევის მიზეზი? უკრაინელები ბერდიანსკში საზღვაო ბაზას აშენებენ და მის დასაცავად ნიკოლაევში აგებული კატარღების გადასროლას ახორციელებენ.

მოსკოვში სერიოზულად შიშობენ, რომ ბერდიანსკი, თუ იქ ბაზის აღჭურვა რეალურად მოხერხდება, ნატო-ს გემების მეგობრული ვიზიტების ადგილად იქცევა. გემებისა, რომლებსაც ძალუძთ, იმოქმედონ აზოვის მცირეწყლოვან ლიტორალზე, შეიარაღებულები არიან დიდი სიშორის მძლავრი სარაკეტო იარაღით, დაცულები არიან თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსებით. მაშინ, მაგალითად, გართულდება ან სულაც შეუძლებელი გახდება კასპიის ზღვიდან შავსა და ხმელთაშუაში, ასევე უკან (აზოვისა და ვოლგო-დონის არხის გავლით) “კალიბრის” რაკეტებით აღჭურვილი კორვეტების გადასროლა, რასაც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი მუდმივად ახორციელებს. სხვათა შორის, შავი ზღვის ფლოტის უამრავი საბრძოლო გემი ვერგამოყენებადია აზოვის ზღვაში მისი მცირეწყლოვანების გამო.

კავკასია, ყირიმი, შავი ზღვა, ბოსფორი, ბაზები სირიაში და დაჯგუფება ხმელთაშუა ზღვაში სადღეისოდ ერთიან უმნიშვნელოვანეს სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებაში შედიან, რომელმაც უპირველესად, შორეულ მისადგომებზე სოჭის – ხშირად ქვეყნისა და შეიარაღებული ძალების მართვის ძირითადი ცენტრის დაცვა უნდა უზრუნველჰყოს. სავარაუდო მოწინააღმდეგემ კი ბერდიანსკში ბაზის გაშლით მთელი ამ სტრატეგიის მორყევა განიზრახა.

უკრაინამ საპასუხოდ რამდენიმე ოლქში 30 დღით საომარი მდგომარეობა შემოიღო. და პრეზიდენტი პოროშენკო არა მარტო ქერჩის ინციდენტზე აპელირებდა, არამედ, უპირველესად, დაზვერვის მონაცემებზე დონეცკის ფრონტის სამხრეთ ფლანგზე რუსული (პრორუსული) ძალების მოსალოდნელი შეტების შესახებ მარიუპოლისა და ბერდიანსკის ასაღებად.

2015 წლის ზაფხულიდან ნატო-ს შტაბებსა და პენტაგონში ბევრჯერ გაიმართა დისკუსიები “ყირიმისკენ სახმელეთო დერეფნის” გასაჭრელად მსგავსი ლაშქრობის ალბათობის თაობაზე. ასეთი გასასვლელი ყირიმის ხიდის გახსნასთან ერთად თითქოს არააქტუალური გახდა, თუმცა ახლა ან ბერდიანსკის საზღვაო ბაზამ შეაშინა მოსკოვი, ან ყირიმის ხიდთან დაკავშირებით წარმოიშვა რაღაც სერიოზული პრობლემები, რომელსაც ჯერ-ჯერობით არ გვიმხელენ, ან ერთიცა და მეორეც - ერთდროულად.

ვერ გამოვრიცხავთ, რომ უახლოეს ხანებში დაიწყოს ზამთრის კამპანია აზოვის ზღვისპირეთიდან უკრაინის საბოლოოდ გაძევებისათვის.

ოპერაციის მიზანი შესაძლოა, ბერდიანსკამდე არსებული ზღვისპირეთით შემოიფარგლოს. ან მელიტოპოლამდე, გენიჩესკამდე და ჩონგარამდე, თუ სახმელეთო “დერეფანი ყირიმისკენ” მართლაც სჭირდებათ. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა, ღმერთმა არ ქნას, მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, საჭირო გახდება ბრძოლაში რეგულარული რუსული ძალების მასირებული ჩართვა, განსაკუთრებით – იმ შემთხვევაში, თუ, როგორც 2014–2015 წლებში, დაიწყებენ ვითარების იმგვარად წარმოჩენას, თითქოს “დონეცკელი ამბოხებულები თავად ახორციელებენ შეტევას და ამიტომაც აქტიური ავიამხარდაჭერა არ იქნება”.

სხვათა შორის, ფრონტისპირა მარიუპოლი შედარებით ადვილი შემოსავლელი და მოსაკვეთია, თუმცა შემდეგ შესაძლოა, ქალაქის შტურმი გახდეს საჭირო, როგორც ალეპოსი, დიდი ნგრევით. თუმცა ჯარებში არსებობენ მეთაურები სირიული გამოცდილებით. ამასთანავე, საკმაოდ მარტივია, “გამოიწერო” პროფესიონალი მებრძოლები, რომლებიც კარგად ფლობენ ქალაქების მძიმე შეიარაღების გამოყენებით შტურმის პრაქტიკას.

რა თქმა უნდა, დასავლეთი გააპროტესტებს და დამატებით სანქციებს შემოიღებს, თუმცა ეს უფრო ამჟამინდელი რეჟიმის ლიბერალურ-ეკონომიკურ ბლოკს (ე.წ. “მშვიდობის პარტიას”) დაამწუხრებს, რომლის მორიგი წარუმატებლობა მხოლოდ დამატებითი ბონუსი გახდება მისი მოწინააღმდეგებისთვის ე.წ. “ომის პარტიიდან”. დასავლელი ლიდერები მაინც არ შემოიღებენ მომაკვდინებელ ტოტალურ ემბარგოს რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტზე, მით უფრო - ზამთარში.

უკრაინელებს მარტოს მოუწევთ იერიშის მოგერიება, ან იმის იმედად ყოფნა, რომ მათი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი შეცდა, ან მოსკოვი გადაიფიქრებს და ზამთრის ომი არ იქნება. ან, უკიდურეს შემთხვევაში, ლოცვა იმაზე, რომ დასავლელი შუამავლები, მას შემდეგ, რაც ჯარები თავის ძირითად ამოცანებს შეასრულებენ (როგორც 2015-ში, დებალცევის შემდეგ), ხელს შეუწყობენ კიდევ ერთ დაზავებას - მინსკის სამი შეთანხმების მსგავსად.

პაველ ფელგენგაუერი,

სამხედრო ექსპერტი