"ერთობლივი": კრემლის ნარატივის ახალი საკვანძო სიტყვა იმპერიის წიაღში საქართველოს დასაბრუნებლად

2018-10-20 15:24:10
2271

ბოლო დღეებში მოსკოვმა თბილისისკენ ახალი (ან არახალი) პოლიტიკური გზავნილების მთელი წყება გამოუშვა. ორიოდ დღის წინ მოვისმინეთ მარია ზახაროვას განცხადებები, 18 ოქტომბერს - ვლადიმირ პუტინის. არსი იგივეა, ფორმა – ოდნავ შეცვლილი. კერძოდ, ახლა კრემლის ნარატივში ჩვეულ მუქარასთან ერთად, სულ უფრო ხშირად ჟღერს სიტყვა «ერთობლივი» და სულ უფრო მკაფიო ხდება ქართველების თვალში აშშ-ისგან მტრის ხატის შექმნის მცდელობა.

რუსეთის მიერვე «შემოგდებული» ლუგარის ლაბორატორიის თემაზე საუბრისას ერთობლივ ნაბიჯების გადადგმის შეთავაზებამ ორივე ორატორის შემთხვევაში გაიჟღერა, ისევე, როგორც ამერიკული «საფრთხით» დაშინების მცდელობამ.

კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტმა „ვალდაიში“ გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაზე ლუგარის ლაბორატორიის თემაზე საუბრისას განაცხადა:

როგორ უნდა ვებრძოლოთ? – ყველას უნდა გვესმოდეს, რომ არსაიდან არაფერი მოდის და არც არსად ქრება. ქმედება ურთიერთქმედების ტოლია და პირიქით. ამიტომაც თუ ვინმე სადმე მსგავს ზომებს შეიმუშავებს, ამას სხვებიც გააკეთებენ. უმჯობესია, წინასწარ დავსხდეთ და გამოვიმუშავოთ ერთიანი წესები ამ მეტად სენსიტიურ სფეროში“.

მარია ზახაროვამ კი ორიოდ დღით ადრე, ვიდეო-ხიდის მსვლელობისას აღნიშნა:

"სამწუხაროდ, ბოლო 25 წლის განმავლობაში პოსტსაბჭოთა სივრცე დიდწილად იქცა პლაცდარმად სხვადასხვა სჯულის იმ ადამიანთა ექსპერიმენტებისთვის, რომლებიც არასოდეს მიეკუთვნებოდნენ ჩვენს საერთო სივრცეს, ჩვენს საერთო სამყაროს. და ეს ადამიანები (ყველას მშვენივრად გვესმის, რომელ ლაბორატორიაზე ვსაუბრობთ და ვინ დგას მის უკან - ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურები) თავს უფლებას აძლევენ, აკეთონ ის, რასაც საკუთარ ქვეყანაში, ვფიქრობ, ძნელად თუ გააკეთებდნენ სევე თავისუფლად, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში. და აქ არა მარტო საქართველოზეა საუბარი. ორივე მხარისთვის [საქართველოსა და რუსეთისთვის] სასარგებლო იქნება, გააერთიანონ საზოგადოებრიობის, ჟურნალისტების, მედიის პოტენციური შესაძლებლობები და დაკავდნენ ამ თემით საკუთარი თავისა და შვილების, მომავალი თაობების საკეთილდღეოდ, და არა გარეშე ძალებს აძლევდნენ ჩარევისა და დაძაბულობის ზონების შექმნის შესაძლებლობას".

იგივე სიტყვა - «ერთობლივი» ზახაროვას ბაგიდან ე.წ. ბორდერიზაციის თემაზე საუბრისას მოვისმინეთ «[...] როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური მექანიზმების მუშაობის პრაქტიკა აჩვენებს, იქ, სადაც საინფორმაციო ბანერები და ღობეებია აღმართული, გაუმიზნავი დარღვევებისა და, შესაბამისად, დაკავებების რაოდენობა იკლებს.  სამწუხაროდ, ქართველი პარტნიორები კვლავინდებურად არ არიან მზად, ამ ერთობლივ მუშაობაში ჩაერთონ, არადა, იგი რეალურად ამცირებს საზღვრისპირა ზონაში დაძაბულობას [...]”.

შემდეგომში, ვიდეო-ხიდის მსვლელობისას ზახაროვა ხშირ შემთხვევაში საკუთარი ინიციატივით იჩენდა “სითბოს” საქართველოსა და ქართველების მიმართ, ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ოცნებობს საქართველოში ჩამოსვლაზე, რომ “რუს და ქართველ ხალხებს ერთმანეთი ჰაერივით სჭირდებათ” და რომ “სახეზეა კოლოსარულ მოთხოვნილება, მათ შორის – საქართველოს მხრიდან, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის".

ორიოდ წუთში კი იგივე ზახაროვაბრძანა, «ნატო რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომაც ალიანსში საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში მოსკოვი ადექვატურ საპასუხო ზომებს მიიღებს» და ამ “ადექვატური საპასუხო ზომების” არსი სამხედრო ექსპერტებს შეუძლიათ, ახსნან.

კიდევ რამდენიმე წუთში იგივე ზახაროვამ ისიც მიაყოლა, რომ “არსებობს [რუსეთისა და საქართველოსთვის] პრინციპული საკითხების “ცალკე კალათი”, რომლის ირგვლივაც კონსენსუსი შეუძლებელია.

და ბოლოს – კრემლის, ამ შემთხვევაში პუტინის კიდევ ერთი მესიჯი: ვერც აშშ, ვერც ვინმე სხვა მომერევა, “ყველა პოტენციური მტერი ჩაძაღლდება”, ასე, რომ, კარგად დაფიქრდით, ვისთან სჯობს, იმეგობროთო .

    ამგვარად, მოსკოვის ბოლო დღეების მთავარი გზავნილები ასე შეიძლება, დაკვალიფიცირდეს:

  • ჩვენ ერთმანეთს “ჰაერივით” ვჭირდებით;

  • არსებობს გზა საქართველო-რუსეთის შესარიგებლად;

  • არსებობს ერთობლივი (თამაშის ერთიანი წესებით) მოქმედების ორმხრივი “კოლოსალური” მოთხოვნილება;

  • არსებობს ერთობლივი მოქმედების სფეროები და შესაძლებლობებიც, ოღონდ თამაშის წესებს კვლავ მოსკოვი დაადგენს;

  • რუსეთი უძლეველია და ნებისმიერი მტერი “ჩაძაღლდება” კარგად დაფიქრდით, სწორად გყავთ თუ არა შერჩეული სამეგობრო.

ოფიციალური თბილისის რეაქცია

19 ოქტომბერს მოსკოვის განცხადებებს ოფიციალური თბილისი გამოეხმაურა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებაშია აღნიშნული, “სიტუაციის დეესკალაციის ერთადერთი წინაპირობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის  უკანონო ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, ასევე ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება და თავისი სამხედრო ფორმირებების საქართველოს ტერიტორიიდან სრულად გაყვანაა".

რას ფიქრობენ ექსპერტები

იმის შეფასება, რა სურს საქართველოსთან მიმართებაში მოსკოვს და რამდენად ადექვატურია თბილისის პასუხი, ანალიტიკოსებს ვთხოვეთ.

ანალიტიკოსი ბიძინა ლებანიძე:

 


«რუსეთისგან მომდინარე მგსავსი მესიჯები, რა თქმა უნდა, არ არის ახალი. დიდი ხანია, ვიცით, რომ რუსეთი საქართველოს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს, ძალიან მტკივნეულად აღიქვამს ნებისმიერ, თუნდაც უმნიშვნელო აქტივობას აშშ-ს ან ევროკავშირის მხრიდან.

აქ [ზახაროვასა და პუტინის განცხადებებში] უფრო საინტერესო ისაა, როგორ აპირებს კრემლი საქართველოს ხელისუფლების და მოსახლეობის დარწმუნებას მასთან მეგობრობის „კოლოსალურ“ საჭიროებაში და რაში ხედავს რუსეთ-საქართველოს შორის შერიგების გზებს.

იმ ფონზე, რომ კონფლიქტების საკითხი სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს დარჩება ორ მხარეს შორის ურთიერთობებში «წითელ ხაზად», ვინაიდან კრემლი დათმობას არ აპირებს, სავარაუდოდ, მთავარი სფერო, სადაც რუსეთი გააქტიურდება, ეკონომიკა იქნება. შესაბამისად, ძალიან საშიში ტენდენციაა, რომ ბოლო წლებში საქართველო სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული რუსეთზე ეკონომიკურად, იკარგება ეკონომიკური დამოუკიდებლობის, მოუწყვლადობის ხარისხი, ომელიც თავის დროზე რუსეთის მიერ შემოღებულმა ეკონომიკური ბლოკადამ მოუტანა საქართველოს.

ცხადია, რომ რუსეთი, ადრე თუ გვიან, ეკონომიკურ ბერკეტებს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გვაქვს თუნდაც ზახაროვას და პუტინის ზემოთ მოყვანილ განცხადებებში: ის ნარატივი, რომ «საქართველოს რუსეთი ჰაერივით სჭირდება», სავარაუდოდ, პირველ რიგში, სწორედ მზარდ ეკონომიკურ დამოკიდებულებას გულისხმობს.

ამიტომაც საჭიროა ეფექტური მართვა იმ პოლიტიკური რისკებისა, რომელიც რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს თან სდევს და რაც, სამწუხაროდ, დღემდე არ კეთდება.

ასევე საჭიროა რუსეთის «რბილი ძალის», რუსული პროპაგანდის ეფექტურად შეკავება. მაგალითად, დასავლეთის ბევრ ქვეყანაში აკრძალულია ან შეზღუდულია იმ რუსული ტელეარხების და საინფორმაციო საშუალებების მაუწყებლობა, რომლებიც დაუფარავად ეწევიან რუსულ სახელმწიფო პროპაგანდას და დემოკრატიული ღირებულებების დისკრიმინაციას. თვით ევროკავშირშიც კი, რომელიც, როგორც წესი, ძალიან ნელია თავის რეაგირებაში, ბოლო წლებში შეიქმნა სპეციალური სტრუქტურა რუსულ საინფორმაციო პროპაგანდასთან საბრძოლველად. საქართველოში კი ამის საწინააღმდეგო ხდება: რუსული პროპაგანდა თავის ნებაზეა მიშვებული.

გასაგებია, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს, თავიდან აიცილოს რუსეთთან ღია დაძაბულობა, მაგრამ პირდაპირ თუ ვერ დახურავენ, იმდენი მაინც უნდა მოხერხდეს, რომ თუნდაც რაღაც ხელოვნურად გამოგონილი რეგულაციებით რეგიონებში რუსული ტელეარხების მაუწყებლობა შეიზღუდოს. თბილისში ეს პრობლემა ნაკლებად არის - საინფორმაციო სივრცე მაინც უფრო დივერსიფიცირებულია. თუმცა არც დედაქალაქს აწყენდა უფრო ჯანსაღი საინფორმაციო გარემო.

საჭიროა ასევე ჯანსაღი საინფორმაციო პროპაგანდა, რათა მოსახლეობამ ნაკლებად გამოიყენოს რუსული სოციალური მედიის და პროპაგანდის სხვა საშუალებები. თუმცა ჯერ-ჯერობით, სამხუწაროდ, არც ეს ხდება.

«საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი», გიორგი მოლოდინი:


2012 წელს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის მომენტიდან ბოლო დრომდე ოფიციალური თბილისის მიმართ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ისტებლიშმენტის რიტორიკა მკვეთრად იყო შეცვლილი: მოსკოვმა, შეიძლება, ითქვას, უარი თქვა საქართველოს ახალი ხელისუფლების დისკრედიციაზე საინფორმაციო გარემოში - როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. თუმცა ჩემი ინფორმაციით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაშიც რუსი დიპლომატები რეალურად, მუდმივად ცდილობდნენ, დასავლელ კოლეგების თვალში საქართველო ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის მქონე ქვეყნად წარმოინათ. 2018 წლიდან კი რუსეთის ხელისუფლებამ ოფიციალური თბილისის აშკარა და თვალშისაცემი დისკრედიტაცია განაახლა.

ამ ჭრილში ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა ახსოვდეთ, რომ წინა ხელისუფლების დროს სწორედ პუტინის მიერ დაიწყო საქართველოს „არაკომპეტენტურ სუვერენიტეტად“ მოხსენიებ და ფაქტობრივად, აუცილებელი გახდა აშშ-ის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი და საქართველოსთვის „დემოკრატიის შუქურის“ სტატუსის მინიჭება. ეს იყო ორი განსხვავებული ნარატივის ჭიდილი იმ პერიოდში.

მოულოდნელი არაფერია იმაში, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გააგრძელა საქართველოს მიმართ ჩვეული პოლიტიკა. პუტინს აშშ-ზე, საქართველოზე და აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე საინფორმაციო შეტევა «შიდა მოხმარებისთვისაც» სჭორდება: მან ხომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკუთარ ამომრჩეველში მნიშვნელოვნად (- 20%) დაკარგა ნდობა და მის რეიტინგს აუცილებლად რამე უნდა ეშველოს. ფორმა კი, რომელიც რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ შეარჩია, კარგად არის დაცდილი რუსულ საზოგადოებაზე: ჯერ კიდევ რომელ წელს შენიშნეს თავად იქაურმა მეცნიერებმა, რომ რუსული მასობრივი გონი თავისი სისუსტის გამო ფაქტებსა და მოქმედებეზე ორიენტირებას ვერ ახდენს და მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ სიტყვას აქვს. ამდენად, უნდა ველოდოთ, რომ ეს საინფორმაციო შეტევა გაგრძელდება.

საგარეო პოლიტიკური კუთხით რუსეთის ხელისუფება ამით არაფერს კარგავს: მისთვის „კაპიკის ფასი“ აქვს თბილისთან პარტნიორულ ურთიერთობებს. ის თამაშის სრულიად სხვა წესებით გვეთამაშება; ენა, რომელზეც ჩვენ მათ ვესუაბრებით, რუსული საზოგადოებისთვის და მის მიერ არჩეული ხელისუფლებისთვის სრულიად უცხო. ამდენად, ურთიერთობების ნორმალიზებასა თუ რეგულირებაზე იმედის დამყარება სრულიად არაგონივრულია. რუსეთის ხელისუფლების ერთადერთი მიზანი საქართველოში პრორუსული ხელისუფლების საბოლოო გამარჯვება და ამ გზაზე ამ საინფორმაციო კამპანიას თავისი შედეგები მოაქვს.

სად არის გამოსავალი? საზოგადოებაში სახელმწიფოსთვის ბრძოლის სურვილის გაჩენა-გაძლიერებაში, ის კი კორუფციის, უსამართლობის, განუკითხაობის, წარუმატებელი ეკონომიკური რეფორმების, ცუდი საგანმანათლებლო სისტემის, მიკერძოებული სასამართლო პირობებში არ გაჩნდება.