ბატონი ოფიცრები ამხანაგი სერჟანტების წინააღმდეგ

2018-02-04 14:33:21
1302

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში განთავსებული მე-4 რუსული სამხედრო ბაზის ოფიცრები ოს კონტრაქტორ სერჟანტებს – არსენ სლანოვსა და ზელიმ ალბეგოვს მათთვის სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენებაში ადანაშაულებენ. თავად სერჟანტები და მათი ადვოკატი კი საპირისპიროს ამტკიცებენრომ რუსმა ოფუცრებმა ოსი სერჟანტები ცემეს.

საქმე დაბა ძაუში ბაზირებულ სამხედრო ნაწილში 2017 წლის 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება. მე-11 ყაზარმაში კონტრაქტორი სერჟანტების ჯგუფი ერთმანეთში საუბრობდა და ხმამაღლა იცინოდა. მათ შორის იყვნენ არსენ სლანოვი და ზელიმ ალბეგოვიც. ხმაურზე ყაზარმის გვერდზე მდებარე კანცელარიის შენობიდან კაპიტანი ანტონ ზაინუტდინოვი გამოვიდა.

«კაპიტანმა მაშინვე დაიწყო ყვირილი. მე, როგორც მასთან ყველაზე ახლოს მდგომმა, ვთქვი: «ამხანაგო კაპიტანო, აქ აგრესიული არაფერი ხდება, უბრალოდ ვსაუბრობთ”-მეთქი. ამის შემდეგ უკვე პირადად მე შემომიტია: «შენ ვინ გკითხვას? თავად გავარკვევო». ვუპასუხე: «ამხანაგო კაპიტანო, მშვენივრად ისმის თქვენი ხმა, ყვირილი რა საჭიროა?”-მეთქი. ამ დროს იმავე კანცელარიიდან კაპიტანი ბოგდან პატიკა გამოვიდა. არაფერი უთქვამს, ისე ჩამარტყა ცხვირში თავი. ჩავიკეცე. ბიჭებმა გარეთ გამათრიეს...» - ყვება ზელიმ ალბეგოვი.

სერჟანტი არსენ სლანოვი ბოგდან პატიკას წინ გადაუდგა და ოფიცრის დამშვიდებას ცდილობდა. თუმცა კაპიტანი ადგილს მოსყდა, გაიქცა, ცეცხლმაქრი მოიტანა და, თუ სლანოვის ჩვენებებს დავუჯერებთ, შეეცადა, მოქნევით მისთვის თავში ჩაერტყა. სერჟანტმა დარტყმის აცილება მოასწრო და ოფიცრის ძირს დაგორება მოახერხა.

ორივე სერჟანტს გამოძიების მსვლელობისას ადვოკატი რაისა თანდელოვა წარმოადგენდა, სანამ გამომძიებელმა მას აცილება არ მისცა:

«სლანოვი მეუბნებოდა, “ხომ ვერ დავრჩებოდი უმოქმედოდ და დაველოდებოდი, ცეცხლმაქრს თავში როდოს ჩამარტყამდაო?”. პატიკა დაეცა და ცეცხლმაქრი ხელიდან გაუვარდა. თუმცა ამ დროს სლანოვს ზაინუტდინოვი დაახტა, ჩაარტყა, ფეხი დაუზიანა და ამის შემდეგაც განაგრძო მისი ცემა. “რას ვიზამდი? ოფიცერს ვერ დავარტყამდი, ამიტომაც ხელ-ფეხი შემოვაჭდე და მთელი ძალით მივიკარი, რათა ჩემი ცემის გაგრძელება ვეღარ შესძლებოდა. ამასობაში ბიჭებიც მოვარდნენ, ამაცალეს ზაინუტდინოვი, ფეხზე ააყენეს და ისიც გაგვეცალაო» - მიყვებოდა სერჟანტი” - ამბობს ადვოკატი.

ზელიმის თქმით, ისინი თავს დაზარალებულებად თვლიდნენ, თუმცა მზად იყვნენ, კონფლიქტი მშვიდობიანად, სკანდალის გარეშე მოეგვარებინათ. ყოველ შემთხვევაში, მეორე დილით მათგან საჩივრების შესატანად არავინ გაქცეულა. და მით მეტი იყო მათი გაოცება, როცა შეიტყვეს, რომ ოფიცრებმა აქეთ უჩივლეს სამხედრო პროკურატურაში.

19 ივლისს 528-ე სამხედრო საგამოძიებო განყოფილების განსაკუთრებულ საქმეთა უფროსმა გამომძიებელმა ნეფიოდოვმა ალბეგოვისა და სლანოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსეთის ფედერაციის სს კოდექსის 334-ე მუხლით - “ძალადობა ზემდგომის მიმართ, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეცნობით”, რომელიც თავისუფლების 8 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა მოგვიანებით გამოძიებამ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა და ბრალი იმავე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რომელიც უკვე 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეში დააფიქსირეს, თითქოს მხოლოდ ალბეგოვი ცემდა ზაინუტდინოვს, სლანოვი კი მის თანამზრახველად გაატარეს. გარდა ამისა, გამოძიების განმავლობაში ბოგდან პატიკა დაზარალებულთა კატეგორიიდან ზაინუტდინოვის ცემის მოწმეებში გადაიყვანეს.

ადვოკატ თანდელოვას თქმით, მსგავს გამოძიებას ობიექტურს ვერ უწოდებ. მან ჩხუბის 5 მოწმის შესახებ განაცხადა და დააყენა შუამდგომლობა, ისინი დაცვის მხარის თანდასწრებით დაეკითხათ. თუმცა მოწმეთა დაკითხვას არ ჩქარობდნენ. ჯერ ყველა მათგანი საკუთარი ზემდგომებისა და გამომძიებლის ზეწოლის ქვეშ მოექცა. მოგვიანებით კი, როგორც იქნა, დაკითხეს, მაგრამ დაცვის მხარის დაუსწრებლად.

ხუთი მოწმიდან გამოძიებამ და სამხედრო ხელმძღვანელობამ დაშინების გზით ჩვენება მხოლოდ ერთს შეაცვლევინა, ამბობს ზელიმ ალბეგოვი:

«ამ სამხედროს იძულებით 12 დღე-ღამით სამხედრო ნაწილი თვითნებურად ჰქონდა დატოვებული... როგორც მითხრა, სისხლის სამართლის საქმის აღძრვითა და ციხით დაემუქრნენ, თუ ჩვენს წინააღმდეგ ჩვენებას ხელს არ მოაწერდა. და ისიც “გატყდა”».

ადვოკატმა თავის საჩივრებში ორჯერ დააყენა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სამხრეთ სამხედრო ოლქის სამხედრო საგამოძიებო სამმართველოს ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი სისხლის სამართლის საქმის სხვა საგამოძიებო ქვედანაყოფისთვის გადაცემის თაობაზე, რათა უფრო სრულფასოვანი და ობიექტური გამოძიება ჩატარებულიყო, თუმცა ორჯერვე უარით უპასუხეს.

«მოვიდა პასუხი დონის როსტოვიდან. ვკითხულობ და ვხედავ: გამომძიებელი იმ დოკუმენტს კოპირებს, რომელიც გავასაჩივრე და მას პასუხის სახით მიგზავნის! ფიქრობს, სკლეროზი მაქვს? მაშინ როსტოველ გამომძიებელზეც დავწერე საჩივარი. რა უმსგავსობაა ეს, რა უპატივცემულობაა საჩირების მიმართ?! აი, ამ საჩივრებს – უკვე დაწერილს და შემდეგსაც – რომელსაც ბიჭების თხოვნით მათი სახელით პროკურატურისა და გენერალური პროკურატურისთვის ვამზადებდი, - ყველაფერს ცხინვალში აბრუნებენ! გესმით, რა ხდება? კანონით, შეუძლებელია, საჩივარი გადაეგზავნოს მათ, ვისაც უჩივიან!» - ამბობს ადვოკატი.

დაცვის მხარემ, მოწმეებმა და ბრალდებულებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ჩვენება პოლიგრაფზე მიეცათ, თუმცა გამომძიებლებმა უარი უთხრეს. ნახევარი წელი დასჭირდა იმას, რომ ბრალდებულებს სამედიცინო ექსპერტიზა ჩასტარებოდათ, და მერეც ისე არ ჩატარებულა, როგორც დაცვის მხარე ითხოვდა:

«პირველმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ცხვირის ძვალი ალბეგოვს გატეხილი არ აქვს. ჩვენ ის გავასაჩივრეთ და ვითხოვეთ საკომისიოს დანიშნვა. არ დაგვინიშნეს. ის განაცხადებიც, რომელიც გვინდოდა, საქმისთვის დაგვერთო, არ დაურთეს. ანუ, განხილული იყო არა ის საკითხები, რომელიც ჩვენ დავაყენეთ. რაშია განსხვავება? მაგალითად, ალბეგოვს ცხვირის ძვალი აქვს გატეხილი და თუ გვერდზე დაუჯდები, ისმის, როგორ ქშენს. მას სუნთქვა აქვს გართულებული, ექიმსაც მიმართა და ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ ოპერაცია სჭირდება. ესე იგი, ექსპერტმა უნდა დაწეროს, რა შედეგებამდე მიიყვანა საქმე პატიკას მოქმედებამ. თუმცა ეს კითხვები გამოძიებამ უსაფუძვლოდ მიიჩნია» - განმარტავს ადვოკატი.

სამედიცინო ექსპერტიზა დაზარალებულებსაც ჩაუტარდათ. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ალბეგოვმა ზაინუტდინოვს სახეში 6-ჯერ ჩაარტყა მუშტი. ამის შედეგია, ექსპერტიზის დასკვნით, სისხლჩაქცევა ტუჩზე და ჩალურჯება ზომით 5/5 მმ.

კიდევ ერთი დარტყმა დაცვის მხარის მიმართულებით ადვოკატ რაისა თანდელოვას აცილებაა. ის არსენ სლანოვს ვეღარ დაიცავს.

კანონით დაშვებულია, ორ ბრალდებულს ერთი ადვოკატი ჰყავდეს, თუმცა მას აცილება უნდა მიეცეს, თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთა ჩვენებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, თანაც სწორედ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით. მაგალითად, ერთი დანაშაულს აღიარებს, მეორე - არა, ანდა ისინი ერთმანეთის საწინააღმდეგო ჩვენებებს იძლევიან. თუმცა რაში განჭვრიტა გამოძიებამ სლანოვისა და ალბეგოვის ჩვენებებს შორის წიააღმდეგობა, უცნობია.

ეს ისტორია ჯერ არ დასრულებულა, წინ არის გამოძიების დასრულება და სასამართლო.

ამ ამბავში არ ვხვდებით არც ერთ დადებით პერსონაჟს სამხრეებში, არც ერთ იურისტს, რომელიც გამოავლენდა სერჟანტების ბედით დაინტერესებასა და სურვილს, ობიექტურად გარკვეულიყო ყველაფერში.

და ეს ისტორია სულ სხვაგვარად ჟღერს ამ დღეებში რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული იმ სამხედრო შეთანხმების რატიფიცირების ფონზე, რომლის საფუძველზეც მალე ოსი სამხედროები მსახურს რუსულ ჯარში, კერძოდ, სწორედ ამ მე-4 ბაზაზე გააგრძელებენ. მათ შორის იქნებიან ისეთივე ახალგაზრდა კონტრაქტორები, როგორიც სლანოვი და ალბეგოვია. და კონტრაქტების ხელმოწერის შემდეგ ვერც ისინი, ვერც მათი ახლობლები მათ ვეღარაფერს უშველიან, რადგან ისინი უკვე ცხინვალის იურისდიქციის მიღმა, მორიგი ზაინუტდინოვისა და პატიკას სრულ განკარგულებაში აღმოჩნდებიან. ვფიქრობ, ღირს, მომავალი კონტრაქტორები და მათი ახლობლები ამაზე კარგად დაფიქრდნენ.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გამოიყენება

https://www.ekhokavkaza.com/a/29013412.html