ლადო აფხაზავაზე თავდამსხმელი 4 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

08-05-2024 21:12:58 სამართალი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელზე, ლადო აფხაზავაზე თავდამსხმელი 4 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესზე პროკურორმა აღკვეთის ღონისძიების სახით სწორედ 4 000 ლარის ოდენობით გირაო მოითხოვა, რაც მოსამართლე ია ბარამიძემ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

ასევე, კობა ფიფიაშვილს აეკრძალა ლადო აფხაზავასა და მის თანმხლებ პირთან მიახლოება და ყველანაირი სახის კომუნიკაცია.

მანამდე, პროკურატურამ ლანჩხუთში ლადო აფხაზავასა და მის შვილზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, ლანჩხუთის სასწრაფო დახმარების მძღოლს, კობა ფიფიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აფხაზავა მონაწილეობს „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციებში: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“.

მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ, რომლის მფლობელიც არის ლადო აფხაზავა, პედაგოგზე თავდასხმა დაგმო.

„ვგმობთ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას და სოლიდარობას ვუცხადებთ მას. ლადო არა მხოლოდ გამორჩეული მასწავლებელი, არამედ გამორჩეული მოქალაქეა. მასზე განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე. ველით, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად განხორციელდება. ლადოს ვესაუბრეთ და საბედნიეროდ, ის და მისი ბავშვები კარგად არიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები