ბელგოროდში მოხალისე დააკავეს, რომელიც უკრაინელებს შინ დაბრუნებაში ეხმარებოდა
06/11/2023 09:00:24 მსოფლიო
ბელგოროდის რაიონში 61 წლის ალექსანდრე დემიდენკო, რომელიც რუსეთში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს საზღვრის გადალახვასა და შინ დაბრუნებაში ეხმარება, მეორედ დააკავეს. როგორც "7x7" იუწყება მოხალისის ცოლ ნატალიაზე დაყრდნობით, ის 30 დღით დააპატიმრეს სამედიცინო შემოწმებაზე უარის თქმის გამო.
ქალი ყვება, რომ დემიდენკომ 31 ოქტომბერს დატოვა საპატიმრო, სადაც 10 დღე გაატარა. მეორე დღეს ის პოლიციაში დაიბარეს დაკითხვაზე და კვლავ დააკავეს. პოლიციამ ნატალიას უთხრა, რომ მისი ქმარი ბელგოროდის რეგიონის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა, თუმცა, როდესაც მოხალისეებმა იქ 5 ნოემბერს საკვები მიიტანეს, დაკავების ცენტრის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ დემიდენკო იქ არ არის.
ალექსანდრე დემიდენკო პირველად 17 ოქტომბერს კოლოტილოვკას საგუშაგოზე დააკავეს, როდესაც ის მოხუც ქალს საზღვრის გადაკვეთაში ეხმარებოდა. არაფერი იყო ცნობილი მისი ბედის შესახებ 20 ოქტომბრამდე, ვიდრე კაცი სახლში ჩხრეკისთვის მოკლე დროით არ მიიყვანეს. მაშინ მას ბრალად დასდეს საჯარო სივრცეში ალკოჰომური სასმლის მიღება და 10 დღით დააპატიმრეს. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეც აღუძრეს "იარაღით ვაჭრობის" მუხლით.


