ფრონტზე ოფიცერ გლოდანის ცხედარი იპოვეს, მისი სამი თვის შვილი რუსული აგრესიის სიმბოლოდ იქცა
06/11/2023 07:48:49 მსოფლიო
საომარი მოქმედებების არეალში ოდესელი სამხედრო იური გლოდანი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ პროექტ Make My Cake თანამფლობელმა ალექსანდრე იაკოვენკომ განაცხადა, სადაც გლოდანი ადრე მცხობლად მუშაობდა.
მან გამოაქვეყნა მიმოწერის "სკრინშოტი", სადაც ნათქვამია, რომ გლოდანი ჯვრით იქნა ამოცნობილი. ამასთან, იაკოვენკო აღნიშნავს, რომ ინფორმაცია მეგობრებისა და თანამებრძოლებისგან მიიღო და რომ ოფიციალური დასკვნა ჯერ არ არსებობს. გლოდანი 12 სექტემბრიდან ითვლებოდა დაკარგულად.
იური საბრძოლველად მას შემდეგ წავიდა, რაც რუსულმა რაკეტამ გაანადგურა მისი ოჯახი ოდესაში 2022 წლის აპრილში - დაიღუპა მისი ცოლი – ვალერია და სამი თვის ქალიშვილი – კირა, ასევე გოგონას ბებია. ამ დროს კაცი მაღაზიაში იმყოფებოდა და შემთხვევით გადაურჩა რუსულ რაკეტას. კირა უკრაინაში რუსული აგრესიის სიმბოლოდ იქცა.
შემდეგ იურიმ ჟურნალისტებთან გაიხსენა, რომ თავად ესწრებოდა მშობიარობის პროცესს და ტიროდა, როდესაც სამყაროს მისი შვილი მოევლინა: ”ჩემთვის ძალიან რთულია იმის გაცნობიერება, რომ ჩემი ქალიშვილი აღარ არის. და ცოლი, სიდედრი...მთელი სამყარო ჩემს თვალწინ განადგურდა რუსული რაკეტით. და, სამწუხაროდ, ასეთი მხოლოდ ჩემი ოჯახი არ არის“.
ტრაგედიის შემდეგ კაც ფრონტზე წავიდა როგორც მოხალისე - ჯერ "აზოვში", შემდეგ მე -3 თავდასხმის ბრიგადაში ირიცხებოდა.
”მე არ მქონია მასთან მჭიდრო ურთიერთობა, მაგრამ ოდესის თითქმის ყველა მკვიდრი იცნობს ამ ოჯახს”, - წერს იაკოვენკო. — "2022 წლის 23 აპრილს მის ოჯახთან „რუსული სამყარო“ მივიდა - რუსულმა რაკეტამ გაანადგურა ტირასის საცხოვრებელი კომპლექსი ოდესაში. ტრაგედიას შეეწირა სამი თვის კირა, მისი დედა – ვალერია და ბებია – ლუდმილა. დღეს გავიგე, რომ ის სამშობლოს დაცვისას დაიღუპა".


