უკრაინის გენშტაბმა ზამთარში რუსეთზე დრონების მასშტაბური შეტევა დააანონსა
05/11/2023 14:59:16 მსოფლიო
მომავალ ზამთარს უკრაინის შეიარაღებული ძალები დრონების გამოყენებით რუსეთის ტერიტორიასა და ყირიმზე მასშტაბურ შეტევას გეგმავენ. ამის შესახებ გამოცემა The Independent-ს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის შემტევი საბრძოლოს სისტემების სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალმა სერგეი ბარანოვმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, სწორედ ეს ტაქტიკა იქნება პრიორიტეტული ზამთრის პერიოდში, ვინაიდან მკაცრმა კლიმატურმა პირობებმა სახმელეთო შეტევას შეიძლება, ხელი შეუშალოს.
"ვაპირებთ, გამოვიყენოთ გასული წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილება და მივმართოთ დრონების გამოყენებას, რათა დამანგრეველი დარტყმა მივაყენოთ რუსებს, როცა საბრძოლო მოქმედებები გაცილებით უფრო სტატიკური იქნება" - განაცხადა ბარანოვმა და იქვე დასძინა, რომ საჰაერო შეტევებს დაექვემდებარება როგორც რუსეთის მოსაზღვრე რეგიონები, ისე ყირიმიც, მთავარ სამიზნეებად კი სამხედრო ბაზები და ინფრასტრუქტურა იქნება არჩეული.


