ბლინკენი: "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ სტატუს-კვოზე დაბრუნება შეუძლებელია
05/11/2023 07:14:39 მსოფლიო
აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ სტატუს-კვოზე დაბრუნება შეუძლებელია. ამის შესახებ მან იორდანიაში ლიბანის დროებით პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიკატისთან და ეგვიპტისა და კატარის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განცხადა.
"აშშ კვლავაც მხარს უჭერს პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნას, მაგრამ ყველას გვესმის, რომ აღარ შეიძლება, იმ ვითარებას დავუბრუნდეთ, რაც 7 ოქტომბრამდე არსებობდა", – განაცხადა ბლინკენმა.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "აშშ აღიარებს ისრაელის უფლებას, თავი დაიცვას „ჰამასისგან“, მაგრამ მან ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში“.
3 ნოემბერს ბლინკენმა ვერ დაარწმუნა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომ ჰუმანიტარული პაუზა გამოაცხადოს საბრძოლო მოქმედებებში, რათა შესაძლებელი გახდეს ღაზას სექტორის სამოქალაქო მოსახლეობის დაცვა. მაგრამ იორდანიაში ვიზიტისას ბლინკენმა კვლავ თქვა, რომ ეწინააღმდეგება ეგვიპტისა და იორდანიის მოწოდებებს ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ:
„მოცემულ მომენტში ცეცხლის შეწყვეტა უბრალოდ დროს მისცემს ‘ჰამასს" გადაჯგუფებისა და იმის კვლავ გასაკეთებლად, რაც მათ 7 ოქტომბერს ჩაიდინეს. სულ რამდენიმე დღის წინ 'ჰამასის" მაღალი რანგის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი აპირებენ 7 ოქტომბრის მოვლენები ისევ და ისევ გაიმეორონ. ამას ვერცერთი ქვეყანა ვერ დაეთანხმება".
ცნობისთვის: პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ ისრაელის არმია 7 ოქტომბრიდან უტევს დაჯგუფების მიერ კონტროლირებულ ღაზას სექტორს.
პარალელურად, „ჰამასის“ ძალები განაგრძობენ სამხრეთი და ცენტრალური ისრაელის დაბომბვას რაკეტებით. ისრაელის თავდაცვის ძალები საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ სამხედრო ობიექტებზე ღაზას სექტორში. გარდა ამისა, ისრაელი ბომბავს ლიბანის სასაზღვრო რაიონებს, საიდანაც მანამდე ისრაელის ტერიტორიას რაკეტები ესროლეს. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო.
27 ოქტომბერს ისრაელის არმიამ გაავრცელა ფოტოები სატანკო კოლონებისა, რომლებიც გადაადგილდებოდნენ ღაზას ღია სივრცეებში და განაცხადა, რომ საბრძოლო თვითმფრინავებმა "ჰამასის" ათობით გვირაბი და მიწისქვეშა ბუნკერი დაბომბეს. სამხედრო ოპერაციის ეს ეტაპი 27 ოქტომბრიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ღაზას ჩრდილოეთიდან სამხრეთით 1,4 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაინაცვლა. მათი დაახლოებით ნახევარი გაეროს სკოლებში და თავშესაფრებში იმყოფება. ჰუმანიტარული სააგენტოების თანამშრომელთა თქმით, დახმარება, რომლის ეგვიპტიდან შეტანის ნებართვაც ისრაელმა გასცა, ძალიან მცირე ნაწილია იმისა, რისი მწვავე საჭიროებაცაა ღაზაში შექმნილი.
ისრაელის არმიისა და ჯანდაცვის სამინისტროს 5 ნოემბრის მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულია 1400 ადამიანი. დაჭრილია 4 000–ზე მეტი პირი. ისრაელში დაღუპულთა შორის არიან ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნების მოქალაქეები. ისრაელის არმიის ცნობით, "ჰამასს" 200–ზე მეტი ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს 5 ნოემბრის მონაცემებით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, 7 ოქტომბრიდან დღემდე დაღუპულია 9 400 –ზე მეტი და დაჭრილია 18 000–ზე მეტი ადამიანი.
2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.
8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. სხვადასხვა მედიაში 15 ოქტომბერს გავრცელებული ცნობით, ღაზას სექტორს წყლის მიწოდება აღუდგა.


