ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პეკინში პირველად გაიმართება ჩინეთ-ამერიკის მოლაპარაკებები ბირთვული არსენალის შეზღუდვის შესახებ
03/11/2023 19:28:56 მსოფლიო
ჩინეთ-ამერიკის მოლაპარაკებები ბირთვული არსენალის შეზღუდვის თაობაზე პეკინში გაიმართება,–იტყობინება Reuters ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით. ეს არის პირველი ასეთი მოლაპარაკებები ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვანგ ვენბინის განცხადებით, მოლაპარაკებები თემების ფართო სპექტრს მოიცავს, მათ შორის შეიარაღების კონტროლის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების იმპლემენტაციას.
რამდენიმე დღის წინ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი ოფიციალური ვიზიტით ეწვია შეერთებულ შტატებს, სადაც შეხვედრები გამართა ამერიკელ ოფიციალურ პირებთან, ასევე პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან.
მანამდე Wall Street Journal-ი წერდა ასეთი შეხვედრის შესაძლებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მასში ხედავს შესაძლებლობას, ხელი შეუშალოს შეიარაღების შეჯიბრის დაწყებას რუსეთის ფედერაციას, ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის.
მოლაპარაკებები გაიმართება St Regis Hotel-ში, რომელიც მდებარეობს პეკინის დიპლომატიურ კვარტალში. ჩინეთის დელეგაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღების კონტროლის დეპარტამენტის უფროსი სუნ სიაობო უხელმძღვანელებს. ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის თანაშემწე მელორი სტიუარტი.
მიმდინარე თვეში აშშ–ში ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის შეხვედრაა დაანონსებული.


