ნასრალამ ომში "ჰეზბოლას" ჩაბმის შესახებ არ განაცხადა, თუმცა "უფრო ფართო კონფლიქტის" არსებობას რეალისტურად მიიჩნევს
03/11/2023 15:27:43 მსოფლიო
"7 ოქტომბერს დაჯგუფება „ჰამასის“ ოპერაცია ისრაელის წინააღმდეგ '100%-ით პალესტინური' იყო", - ამტკიცებს ლიბანში მოქმედი რადიკალური ორგანიზაციის „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა.
მან ისრაელ-"ჰამასის" ომის დაწყების შემდეგ 3 ნომბერს პირველად გააკეთა კომენტარი. იყო მოლოდინი, რომ ის ისრაელის წინააღმდეგ ომში "ჰეზბოლას" მასშტაბური ჩაბმის შესახებ განაცხადებდა, მაგრამ მან მხოლოდ ის თქვა, რომ რეალისტურად მიიჩნევს ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო კონფლიქტის არსებობას.
"ისრაელი ისტორიულ შეცდომას დაუშვებს, თუ "პრევენციულ ოპერაციას" წამოიწყებს ლიბანის წინააღმდეგ", - განაცხადა ჰასან ნასრალამ.
„ჰეზბოლას“ ლიდერის თქმით, ვისაც რეგიონში ომის დასრულება სურს, სწრაფად უნდა შეწყვიტოს აგრესია ღაზაში, ხოლო აშშ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდების გაგზავნით კონფლიქტის ესკალაციას ახდენს.
„ამერიკული სამხედრო ხომალდები ჩვენ ვერ შეგვაშინებენ. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. აშშ-ს ჩვენ ვეუბნებით: ვინც თქვენ 1980-იანი წლების დასაწყისში ლიბანში დაგამარცხათ, კვლავაც ცოცხლები არიან“, - აღნიშნა „ჰეზბოლას“ ლიდერმა.
თავის მიმართვაში ნასრალამ მადლობა გადაუხადა იემენსა და ერაყში მოქმედ დაჯგუფებებს, რომლებიც ირანის მიერ მართულ „წინააღმდეგობის ღერძში“ შედიან.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტერორისტულად აღიარებული ლიბანური შიიტური სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია "ჰეზბოლა" 1982 წელს ირანის მხარდაჭერით დაარსდა. დასავლური მედიის შეფასებით, ჯგუფის შეიარაღებული ფორმირებები რაოდენობრივად, იარაღითა და საბრძოლო გამოცდილებით აღემატება ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთი ქვეყნის ჯარებს.
"ჰეზბოლა" ინარჩუნებს მჭიდრო კოორდინაციას "ჰამასთან", "ისლამურ ჯიჰადთან" და ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსთან.


