Accentnews.ge
ისრაელის არმია: ქალაქი ღაზა ალყაშია

ისრაელის არმია: ქალაქი ღაზა ალყაშია

03/11/2023 05:44:07 მსოფლიო

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მისმა სამხედროებმა დაასრულეს ქალაქ ღაზის ალყაში მოქცევა. ისრაელი მიიჩნევს, რომ მის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასის“ საქმიანობა სწორედ ღაზაშია კონცენტრირებული.

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის, კონტრ-ადმირალ დანიელ ჰაგარის ინფორმაციით, "ამჟამად საინჟინრო კორპუსი მუშაობს „ჰამასის“ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის, ასაფეთქებელი დანადგარების და სხვა საფრთხეთა გამოვლენის და განეიტრალების მიზნით, რაც ისრაელის არმიის სამხედროებს მისცემს ამ რაიონში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას".

ქალაქი ღაზა მდებარეობს ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში და ომის დაწყებამდე იქ დაახლოებით 775 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ისრაელის არმიამ ოქტომბრის ბოლო დღეებში, სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე, ჩრდილოეთში მცხოვრებ პალესტინელებს მოუწოდა ღაზის სექტორის სამხრეთში გადასვლისკენ. უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფება ამჟამად ქალაქ ღაზაში. სხვადასხვა მედიასაშუალების კორესპონდენტების მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეოკადრების მიხედვით, ქალაქი მნიშვნელოვნადაა დანგრეული ისრაელის ავიაციის დარტყმების შედეგად.

3 ნოემბერს დილით ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ღაზას სექტორში დაიღუპა კიდევ 4 ჯარისკაცი. ოქტომბრის ბოლოდან, სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ დაღუპულია ისრაელის არმიის 23 სამხედრო მოსამსახურე, ხოლო 7 ოქტომბრიდან, როცა ომი დაიწყო - 338.

ცნობისთვის: პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ ისრაელის არმია 7 ოქტომბრიდან უტევს დაჯგუფების მიერ კონტროლირებულ ღაზას სექტორს.

პარალელურად, „ჰამასის“ ძალები განაგრძობენ სამხრეთი და ცენტრალური ისრაელის დაბომბვას რაკეტებით. ისრაელის თავდაცვის ძალები საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ სამხედრო ობიექტებზე ღაზას სექტორში. გარდა ამისა, ისრაელი ბომბავს ლიბანის სასაზღვრო რაიონებს, საიდანაც მანამდე ისრაელის ტერიტორიას რაკეტები ესროლეს. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო.

27 ოქტომბერს ისრაელის არმიამ გაავრცელა ფოტოები სატანკო კოლონებისა, რომლებიც ნელა გადაადგილდებოდნენ ღაზას ღია სივრცეებში და განაცხადა, რომ საბრძოლო თვითმფრინავებმა "ჰამასის" ათობით გვირაბი და მიწისქვეშა ბუნკერი დაბომბეს. სამხედრო ოპერაციის ეს ეტაპი 27 ოქტომბერიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ღაზას ჩრდილოეთიდან სამხრეთით 1,4 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაინაცვლა. მათი დაახლოებით ნახევარი გაეროს სკოლებში და თავშესაფრებში იმყოფება. ჰუმანიტარული სააგენტოების თანამშრომელთა თქმით, დახმარება, რომლის ეგვიპტიდან შეტანის ნებართვაც ისრაელმა გასცა, ძალიან მცირე ნაწილია იმისა, რისი მწვავე საჭიროებაცაა ღაზაში შექმნილი.

ისრაელის არმიისა და ჯანდაცვის სამინისტროს 3 ნოემბრის მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულია 1400 ადამიანი. დაჭრილია რაოდენობა 4 000–ზე მეტი პირი. ისრაელში დაღუპულთა შორის არიან ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნების მოქალაქეები. ისრაელის არმიის ცნობით, "ჰამასს" 200–ზე მეტი ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს 3 ნოემბრის მონაცემებით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, 7 ოქტომბრიდან დღემდე დაღუპულია 8 500–ზე მეტი და დაჭრილია 18 000–ზე მეტი ადამიანი.

2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. სხვადასხვა მედიაში 15 ოქტომბერს გავრცელებული ცნობით, ღაზას სექტორს წყლის მიწოდება აღუდგა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S