აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, მათ შორის – მარია ზახაროვას
02/11/2023 16:20:22 მსოფლიო
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა კორპორაცია „აფკ-სისტემასა“ და მოსკოვის ბაუმანის სახელობის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტს. გარდა ამისა, შეზღუდვებს დაექვემდებარა „პოჩტა ბანკი“, სრულიად რუსეთის რეგიონების განვითარების ბანკი და ბანკი „რუსკი სტანდარტი“, ნათქვამია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სანქციების სიაში საერთო ჯამში სიაში 30-ზე მეტი ფიზიკური და 200 იურიდიული პირი მოხვდა. ფიზიკურ პირებს შორის არიან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა და კონცერნ „კალაშნიკოვის“ შვილობილი კომპანიის, Zala Aero-ს მთავარი კონსტრუქტორი ალექსანდრ ზახაროვი და მისი ოჯახის წევრები. ზახაროვი მონაწილეობდა უპილოტო საფრენი აპარატი „ლანცეტის“ შექმნაში.
აშშ-ის სანქციები ასევე შეეხო ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ძმისშვილს იაკუბ ზაკრიევს. იგი გახდა შპს „დანონ როსიას“ გენერალური დირექტორი ფრანგული კომპანია Danone-ის რუსული აქტივების ნაციონალიზაციის შემდეგ.
გარდა ამისა, შეერთებული შტატების ვაჭრობის სამინისტრომ 12 რუსული და ერთი უზბეკური კომპანიის მიმართ საექსპორტო შეზღუდვები დააწესა "რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და დრონების წარმოების ხელშეწყობისთვის". კომპანიები არ არის დასახელებული. ყველა მათგანი შეტანილია აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს შავ სიაში. უწყების ცნობით, კომპანიებმა დახმარება გაუწიეს რუსეთის თავდაცვის კომპლექსის საწარმოებს, კერძოდ, შეიძინეს ან განავითარეს დრონები.


