ზალუჟნი: ოთხთვიანი კონტრშეტევის დროს უკრაინის ჯარები ყირიმში უნდა შესულიყვნენ
02/11/2023 14:18:43 მსოფლიო
ოთხთვიანი კონტრშეტევის დროს უკრაინის ჯარები ყირიმში უნდა შესულიყვნენ, მაგრამ სამხრეთ უკრაინაში რუსეთის მიერ უპრეცედენტოდ დანაღმულ ველებში "გაიჭედნენ". თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ The Economist-თან ინტერვიუში.
„თუ გადავხედავთ ნატოს სახელმძღვანელოებს და მათემატიკურ გამოთვლებს, რომლებიც ჩვენ გავაკეთეთ კონტრშეტევის დაგეგმვისას, ოთხი თვე საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ ყირიმამდე მიგვეღწია, გვებრძოლა ყირიმში, გამოვსულიყავით, კვლავ შევსულიყავით და გამოვსულიყავით",– თქვა ზალუჟნიმ.
ზალუჟნიმ ასევე თქვა, რომ ომი პოზიციურ ფორმატში გადადის და უკრაინის წარმატებისთვის აუცილებელია ომის მანევრული ტიპის დაბრუნება.
მან ასევე განაცხადა, რომ საჭირო საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, უკრაინის შეიარაღებული ძალები იძულებულნი გახდნენ, მოწინააღმდეგის არტილერია HIMARS–ის რაკეტებით გაენადგურებინათ.
ამავდროულად, ზალუჟნის თქმით, რუსეთმა ცეცხლის სიმკვრივე გაზარდა ძველი ჰაუბიცებით და ინტენსიურად აწარმოებს მაღალი სიზუსტის "კრასნოპოლის" ჭურვებს. მისი აზრით, რუსეთი არ უნდა შეფასდეს არასათანადოდ – მას დიდი ხნის განმავლობაში ექნება უპირატესობა იარაღში.
იხილეთ ასევე: "ომი ახალ ეტაპზე გადადის": ზალუჟნიმ უკრაინის ხუთი პრიორიტეტული საჭიროება დაასახელა


