არესტოვიჩი უკრაინის პრეზიდენტად კენჭისყრას გეგმავს და თვლის, რომ ანექსირებული ტერიტორიები რუსეთს უნდა დარჩეს
02/11/2023 07:01:31 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის ყოფილი მოადგილე ალექსეი არესტოვიჩი შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, რის შესახებაც მან "ინტერფაქს-უკრაინას" განუცხადა.
მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში 2024 წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს, თუმცა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საომარი ვითარების დროს მსგავსი ღონისძიებების ჩატარება იკრძალება. საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე ხელისუფლებას ჯერ მიღებული არ აქვს.
გასულ ოთხშაბათს არესტოვიჩმა ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა რეფორმების შესახებ საკუთარი წინადადებები გამოაქვეყნდა და იქვე განმარტა, რომ ეს "დისკუსიის დასაწყებად" გააკეთა: "ეს - იმისთვის, რომ ჩემი ინიციატივები დაიხვეწოს და სრულფასოვან წინასაარჩევნო პროგრამად იქცეს. ჩემი წინადადებები შესაბამისად გადამუშავდება მას შემდეგ, რაც გავითვალისწინებ სპეციალისტების რჩევებს, კრიტიკასა და მოსაზრებებს" - დაწერა არესტოვიჩმა.
მისი პროგრამა ამ ეტაპზე 14 პუნქტს მოიცავს. ერთ-ერთი მათგანი რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიებს ეხება. არესტოვიჩი თვლის, რომ უკრაინამ ამ ტერიტორიების საომარი გზით დაბრუნებაზე უარი უნდა თქვა, თუკი ქვეყანას NATO-ში მიიღებენ. "მივმართავ კოლექტიურ დასავლეთს: ჩვენ მზად ვართ ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰენრი კისინჯერის ვარიანტისთვის და მოვითხოვთ NATO-ში გაწევრიანებას ვალდებულებით, არ ვეცადოთ ოკუპირებული ტერიტორიების საომარი გზით დაბრუნებას, არამედ ამას შემდგომში პოლიტიკური გზით მივაღწიოთ" - წერს არესტოვიჩი.
არესტოვიჩის განცხადებებს უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტის ოფისი, სადაც, კერძოდ, განაცხადეს: "ამ მედიური პერსონაჟის არათუ აზრის გათვალისწინება, არამედ ხსენებაც კი არ ღირს. მას, როგორც ჩანს, პოლიტიკურ მოღვაწეობაზე გაუჩნდა პრეტენზია. უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი, რაც სადღეისოდ ქვეყანაში ხდება, ეს რუსეთის გენოციდური აგრესიისგან თავდაცვაა. თუ გარკვეულმა პერსონაჟებმა "ზუსტად იციან", როგორ უნდა ვიომოთ, მაგრამ თავად ამ დროს მხოლოდ ერთ ფრონტზე ომობენ - იუთუბში ლაქლაქით, ისინი არავის ყურადღებას იმსახურებენ".
ცნობისთვის: 2023 წლის იანვრამდე ალექეი არესტოვიჩი პრეზიდენტი ოფისის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკის შტატგარეშე მრჩეველი გახლდათ. იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს იმ განცხადების შემდეგ, რომ საცხოვრებელი სახლი ქალაქ დნეპრში, რომელიც რუსებმა 14 იანვარს დაბომბეს, ვითომდა უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შედეგად დაინგრა. შემდგომში არესტოვიჩმა რამდენჯერმე მოიხადა ბოდიში და განაცხადა, რომ მისი სიტყვები მხოლოდ ვარაუდი იყო, თუმცა განცახდების დაწერა მაინც მოუწია.
სწორედ არესტოვიჩის მიერ თავის დროზე გაკეთებულ განცხადებას იყენებს საქართველოში მოქმედი რუსული პროპაგანდა მოსახლეობაში იმ აზრის დასათესად, თითქოს უკრაინელებს საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა და ქართველების ომში ჩაბმა სურთ.


