IDF "ჰამასის" თავდაცვის ხაზის გარღვევის შესახებ იუწყება
01/11/2023 19:36:18 მსოფლიო
ისრაელის სახმელეთო ძალებმა გაარღვიეს "ჰამასის" მოწინავე თავდაცვითი ხაზი ჩრდილოეთ ღაზას სექტორში,– იუწყება The Times of Israel ისრაელის არმიის სპიკერზე, კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარზე დაყრდნობით.
მისი თქმით, IDF–ის სახმელეთო ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
”წინასწარი დაგეგმვის, ზუსტი დაზვერვისა და ერთობლივი შეტევების წყალობით ხმელეთიდან, ჰაერიდან და ზღვიდან, ჩვენმა ჯარებმა გაარღვიეს "ჰამასის" თავდაცვის ხაზი ჩრდილოეთ ღაზას სექტორში”, - ამბობს ჰაგარი.
ისრაელის არმია დაჯგუფებების, „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ მიერ სამხრეთ ისრაელზე 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ ღაზის სექტორში ატარებს ოპერაციას.
მანამდე ისრაელის სამხედროებმა ღაზას მოსახლეობას სექტორის სამხრეთით ევაკუაციისკენ მოუწოდეს. ეგვიპტესთან საზღვარზე მდებარე რაფაჰის გამშვები პუნქტი ერთადერთია, რომელიც გახსნილია პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად, თუმცა ეგვიპტე უარს ამბობს პალესტინელი ლტოლვილების მიღებაზე. გაერო აცხადებს, რომ ღაზაში საკვებისა და პირველადი მოხმარების ნივთების დეფიციტია.
ისრაელის თანახმად, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაიღუპა 1400-ზე მეტი ადამიანი. 250-მდე ადამიანი დატყვევებულია და ღაზაშია გადაყვანილი.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზას ხელისუფლება თავის მხრივ იუწყება 8,5 ათასი ადამიანის დაღუპვის შესახებ, რომელთაგან ორი მესამედი ქალები და ბავშვები არიან.


