ღაზას სექტორიდან ეგვიპტეში 300-ზე მეტმა უცხოელმა შეძლო გადასვლა
01/11/2023 19:27:26 მსოფლიო
ღაზას სექტორიდან ეგვიპტეში უცხოეთის მინიმუმ 361 მოქალაქე გადავიდა. იტყობინება CNN ეგვიპტელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით. ამის შესახებ ასევე იუწყებიან AFP, Reuters და CBS News.
არსებული ცნობებით, 76 ადამიანი კაიროში მიემგზავრება, ხოლო დანარჩენები რაფაჰის სასაზღვრო პუნქტზე იმყოფებიან, სადაც საჭირო დოკუმენტაციას ავსებენ.
წყაროს ცნობით, უცხოეთის 491 მოქალაქე იყო დარეგისტრირებული, რომლებიც დღეს ღაზას სექტორიდან ეგვიპტეში უნდა გადასულიყვნენ, მაგრამ დანარჩენი 130 პირი ან სასაზღვრო პუნქტამდე ვერ მივიდა ან საზღვრის გადაკვეთაზე ოჯახის წევრების გარეშე უარი განაცხადა, რომლებიც სიაში არ იყვნენ.
წყაროს თქმით, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტი ღია რჩება და უცხოეთის მოქალაქეები ეგვიპტეში გადასვლას გააგრძელებენ.
76 უცხოელიდან, რომლებიც კაიროში მიემგზავრებიან 29 ავსტრიის მოქალაქეა, 13 - იაპონიის, 12 - ავსტრალიის, 12 - იორდანიის, 5 - საუდის არაბეთის, 4 - იტალიის, 1 - დიდი ბრიტანეთის.
ისრაელის არმია დაჯგუფებების, „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“, მიერ სამხრეთ ისრაელზე 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ ღაზის სექტორში ატარებს ოპერაციას.
მანამდე ისრაელის სამხედროებმა ღაზას მოსახლეობას სექტორის სამხრეთით ევაკუაციისკენ მოუწოდეს. ეგვიპტესთან საზღვარზე მდებარე რაფაჰის გამშვები პუნქტი ერთადერთია, რომელიც გახსნილია პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად, თუმცა ეგვიპტე უარს ამბობს პალესტინელი ლტოლვილების მიღებაზე. გაერო აცხადებს, რომ ღაზაში საკვებისა და პირველადი მოხმარების ნივთების დეფიციტია.
ისრაელის თანახმად, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაიღუპა 1400-ზე მეტი ადამიანი. 250-მდე ადამიანი დატყვევებულია და ღაზაშია გადაყვანილი.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზას ხელისუფლება თავის მხრივ იუწყება 8,5 ათასი ადამიანის დაღუპვის შესახებ, რომელთაგან ორი მესამედი ქალები და ბავშვები არიან.


