ემანუელ მაკრონი ყაზახეთს სტუმრობს
01/11/2023 16:17:49 მსოფლიო
1 ნოემბერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ცენტრალურ აზიაში ტურნეს ფარგლებში, ყაზახეთში ჩავიდა და ქვეყნის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომარტ ტოყაევს შეხვდა, რომელმაც ამ ვიზიტს ისტორიული უწოდა.
შეხვედრაზე მაკრონმა უკრაინასთან ომში რუსეთის მხარდაჭერაზე უარისთვის ყაზახეთი შეაქო. მან თქვა, რომ არ ამცირებს "იმ გეოპოლიტიკურ სირთულეებს, ზეწოლას", რომელსაც შესაძლოა, "ზოგი" ყაზახეთზე ახორციელებდეს.
"საფრანგეთი აფასებს გზას, რომელსაც მიჰყვებით თქვენი ქვეყნისთვის, რომელიმე ძალის ვასალობაზე უარის თქმით და სხვადასხვა ქვეყანასთან მრავალრიცხოვანი და დაბალანსებული ურთიერთობების დამყარების მცდელობით". - მიმართა მაკრონმა ტოყაევს.
ამასთან, მაკრონმა თქვა, რომ ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა გარიგებებს, მათ შორის, მხარეები შეთანხმდნენ იშვიათი ლითონების სფეროში თანამშრომლობაზე.
ნავთობით მდიდარი ყაზახეთი ევროპის ქვეყნებისთვის ნედლი ნავთობის იმპორტისთვის რუსეთის ერთ-ერთი ჩამნაცვლებელია რუსეთისვე გვერდის ავლით. გარდა ამისა, ყაზახეთი ურანის ძირითადი ექსპორტიორია. ყაზახეთის შემდეგ მაკრონი უზბეკეთშიც ჩავა.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დასავლეთს მორიგი ბრალდება წაუყენა, რომ ის ცენტრალურ აზიაში დიპლომატიური აქტივობების გაზრდით რუსეთის "მეზობლების, მეგობრებისა და მოკავშირეების" ჩამოშორებას ცდილობს.


