Bloomberg: აშშ და ისრაელი ღაზას სექტორში მრავალეროვნული ძალების შეყვანის შესაძლებლობას განიხილავენ
01/11/2023 14:13:36 მსოფლიო
აშშ და ისრაელი ღაზას სექტორში მრავალეროვნული ძალების შეყვანის შესაძლებლობას განიხილავენ, ამის შესახებ Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროები ამბობენ, რომ ჯამში შემდგომი მოქმედების სამი ვარიანტი განიხილება.
პირველი – ღაზაზე დროებითი კონტროლის რეგიონის ქვეყნებისთვის გადაცემა შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ჯარების მხარდაჭერით. იდეალურ შემთხვევაში, ეს ასევე მოიცავს არაბული ქვეყნების - საუდის არაბეთის ან არაბთა გაერთიანებული საემიროების წარმომადგენლებს.
მეორე – სამშვიდობო ძალები, სინაის ნახევარკუნძულზე და მის გარშემო მოქმედი მრავალეროვნული ძალებისა და დამკვირვებელთა ჯგუფის მსგავსი, რომელიც უზრუნველყოფს ეგვიპტესა და ისრაელს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობას. სააგენტოს თანამოსაუბრის თქმით, ისრაელი მიიჩნევს, რომ ეს იდეა ყურადღებას იმსახურებს.
მესამე – რეგიონის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ადმინისტრირება. ამას ექნება გაეროს მიერ მიცემული ლეგიტიმურობის უპირატესობა, მაგრამ ისრაელი ამას არაპრაქტიკულად მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ ეს ორგანიზაცია ნაკლებად გამოდგება.
სააგენტოს თანამოსაუბრეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა და ბევრი რამ შეიძლება, შეიცვალოს.
31 ოქტომბერს, სენატს განუცხადა, რომ აშშ ღაზას მომავლის ვარიანტებს განიხილავს.
ბლინკენის თქმით, ღაზაში "ჰამასის" მმართველობა არ აღდგება, მაგრამ არც ისრაელს გადაეცემა ღაზას კონტროლი.
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ედრიენ უოტსონმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ "ამერიკული ჯარების ღაზაში, სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში გაგზავნა არ განიხილება."


