გამოკითხვა: რუსების მესამედი მხარს დაუჭერდა პუტინის გადაწყვეტილებას ომის დასრულების და უკრაინისთვის ტერიტორიების უკან დაბრუნების შესახებ
01/11/2023 13:49:44 მსოფლიო
რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ მესამედი (34%) დაუჭერდა მხარს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას „უკრაინასთან სამხედრო კონფლიქტის დასრულებისა და უკრაინისთვის ანექსირებული ტერიტორიების დაბრუნების შესახებ“. ამგვარია რუსული ანალიტიკური "ლევადა ცენტრის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
ამასთან, გამოკითხულთა 70% დაუჭერდა მხარს პუტინის ომის დასრულებას ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების პირობის გარეშე.
ამავდროულად, რუსეთის გამოკითხული მოქალაქეების 55% მიიჩნევს, რომ ომი უნდა შეწყდეს და სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს, 38% საომარი მოქმედებების გაგრძელების მომხრეა.
გამოკითხვა ჩატარდა 19-25 ოქტომბერს. გამოიკითხა 1607 მოქალაქე რუსეთის 137 რაიონში. კვლევა ჩატარდა პირისპირი ინტერვიუების საშუალებით. ცდიმილება არ აღემატება 3,4%-ს.
Gallup-ის მიერ ოქტომბრის დასაწყისში გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, პრაქტიკულად ყველა უკრაინელი თანხმდება, რომ ომში გამარჯვება ნიშნავს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სრულად დაბრუნებას ყირიმის ჩათვლით. უკრაინელების უმეტესობა მხარს უჭერს ბრძოლის გაგრძელებას ომის მოგებამდე, მაგრამ ეს უმრავლესობა შედარებით შემცირდა – გასულ წელს 70% იყო, წელს კი 60%–ია.


