5 თვითმფრინავი, 8 ვერტმფრენი, 23 ათასამდე სამხედრო – რუსეთის დანაკარგები ოქტომბერში
01/11/2023 12:26:06 მსოფლიო
2023 წლის ოქტომბერში რუსეთის არმიამ უკრაინაში 22 920 სამხედრო დაკარგა. გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს ხუთი თვითმფრინავის, 8 ვერტმფრენის და 425 უპილოტო საფრენი აპარატის განეიტრალება,– იუწყება უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე პავლიუკი.
მისი ცნობით, რუსების ჯამური საბრძოლო დანაკარგები 2023 წლის მხოლოდ ოქტომბრის განმავლობაში დაახლოებით ასე გამოიყურება:
- პირადი შემადგენლობა – 22920 სამხედრო,
- ტანკი – 521,
- ჯავშანტექნიკა - 843,
- საარტილერიო სისტემები - 773,
- მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 48,
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 26,
- თვითმფრინავი - 5,
- ვერტმფრენი - 8,
- ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 425,
- ფრთოსანი რაკეტა - 18,
- გემები / ნავები - 0,
- სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი - 741,
- სპეცტექნიკა - 86.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსებმა დაკარგეს 680 სამხედრო, ომის დაწყების შემდეგ – 301 490 სამხედრო. გარდა ამისა, უკრაინის სარდლობის ინორმაციით, განადგურდა მტრის 28 უპილოტო საფრენი აპარატი, 30 ჯავშანტექნიკა.
მოსკოვი არ საუბრობს საკუთარ დანაკარგებზე. ბოლოს რუსეთის თავდაცვამ დაღუპული სამხედროების რაოდენობა ერთი წლის წინ – მობილიზაციის გამოცხადებისას გააჟღერა და ამტკიცებდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში 6 000 –მდე სამხედრო დაკარგა.
სხვადასხვა დამკვირვებელი და მედია ღია მონაცემების ანალიზით ცდილობს დანაკარგების შეფასებას. რუსული BBC-ის სამსახურისა და გამოცემის Mediazona-ს ჟურნალისტებმა მოხალისეთა ჯგუფთან ერთად 20 ოქტომბრის მდგომარეობით დაადასტურა უკრაინის ომში 34 857 რუსი ჯარისკაცის დაღუპვა.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ეს მაჩვენებლები „მობილიზებულთა შორის დანაკარგების ყველაზე კონსერვატიული შეფასებაა, რადგან მხედველობაში მიიღება მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც სიკვდილი დადასტურდა საჯაროდ“.
აგვისტოში New York Times-მა აშშ-ის ადმინისტრაციის უსახელო ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ორივე მხარეს დაღუპული და დაჭრილი სამხედრო პერსონალის საერთო რაოდენობა უახლოვდება 500 ათასს.


