ჰაკერებმა რუსული საგადახდო სისტემა „მირის“ ოპერატორის საიტი გატეხეს
31/10/2023 09:26:23 მსოფლიო
ჰაკერებმა რუსული საგადახდო სისტემა „მირის“ ოპერატორის საიტი გატეხეს. იუწყება "აგენსტვო".
ოპერატორის საიტზე გამოჩნდა შეტყობინება ჰაკერების ჯგუფის DumpForums ბმულით, რომელიც მიანიშნებს მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვაზე.
ჰაკერებმა თავიანთ ტელეგრამ–არხზე დაწერეს, რომ მათ „ჩატვირთეს ბევრი საინტერესო ინფორმაცია სისტემის სერვერებიდან, კარგად გაატარეს დრო შიდა ქსელში და ახლა მზად არიან, გამოაცხადონ ყველაზე დიდი საგადახდო ოპერატორის გატეხვის შესახებ“.
ოპერატორი ამტკიცებს, რომ ვებგვერდი კომპანიის მხოლოდ სავიზიტო ბარათია, არ შეიცავს კონფიდენციალურ მონაცემებს, არ არის დაკავშირებული საგადახდო ინფრასტრუქტურასთან, "ყველა ტრანზაქციის დამუშავება ჩვეულებრივ მიმდინარეობს“.
საპასუხოდ ჰაკერებმა გამოაქვეყნეს სკრინშოტი, საიდანაც ირკვევა, რომ მათ აქვთ მონაცემთა ბაზა სახელწოდებით privetmir, რომელიც 31 გიგაბაიტს იწონის. მანამდე DumpForums ავრცელებდა ინფორმაციას ტუროპერატორი Intourist-ის, სადაზღვევო კომპანია SOGAZ Life-ის ვებსაიტების, ასევე სახელმწიფო სერვისების მონაცემთა ბაზის გატეხვის შესახებ.


