ინდოეთში მომაკვდინებელი ვირუსის აფეთქება დაფიქსირდა
31/10/2023 09:05:25 მსოფლიო
ინდოეთში, კერალას შტატში ნიპას მომაკვდინებელი ვირუსით ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით ადამიანი ინფიცირების შემდეგ კარანტინში გადაიყვანეს. ეს ვირუსის აფეთქების მეოთხე შემთხვევაა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, – იტყობინება Reuters.
სააგენტო ხაზსუსვამს, რომ ინდოეთის ზოგიერთ რაიონში ტყეების გაჩეხვისა და მშენებლობების შედეგად, ღამურები უფრო მჭიდრო კონტაქტში არიან ადამიანებთან, რაც ზრდის ინფექციის რისკს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, დაავადების გავრცელების შეჩერება მოითხოვდა მასიურ ძალისხმევას ცხრა სოფლის ორი კვირის განმავლობაში ნაწილობრივი იზოლირებისთვის და დაავადების ნიშნების გამოსავლენად 53000-ზე მეტი სახლის გამოკვლევისთვის.
ევროკომისიის სპიკერმა ფრანცისკო პერეს-კანადომ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება არ განიხილავს პრევენციის საკითხს, რომელიც კავშირშია ცხოველების და ადამიანის ჯანმრთელობასთან და გარემოსთან, შემდეგი პანდემია არ შეჩერდება: ”როდესაც მოვა შემდეგი პანდემია და ჩვენ გვეყოლება მილიონობით მსხვერპლი, დაე ეს ნუ იქნება დაკავშირებული იმასთან, რომ ჩვენ გამოგვრჩა ეს დეტალი.”
ეპიდემიოლოგმა, ანონიმურობის პირობით, The Insider-ს განუცხადა, რომ გაჟღერებული პრობლემები ძალიან სერიოზულია, მაგრამ ჯერჯერობით ნიპა მხოლოდ ინდოეთს აწუხებს და პანდემია არ ემუქრება მსოფლიოს.
ნიპას ვირუსი პირველად 1998 წელს აღმოაჩინეს მალაიზიაში. მას შემდეგ დაავადების აფეთქებები პერიოდულად ხდებოდა აზიაში, განსაკუთრებით ინდოეთში. კერალაში ნიპა ვირუსით გარდაცვალება დაფიქსირდა 2018, 2021 და 2023 წლებში.
ვირუსი იწვევს თავის ტვინის ანთებას და მძიმე რესპირატორულ სიმპტომებს. ჯერ ვაქცინა არ არსებობს. დაავადების შემთხვევების 70% ფატალურია.
ითვლება, რომ დაავადება ვრცელდება ღამურებით.


