მაჰაჩყალის აეროპორტში 20-ზე მეტი პირი დაშავდა, ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა
30/10/2023 04:33:20 მსოფლიო
ოფიციალური მონაცემებით, 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალის აეროპორტში, სადაც ისრაელის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობდა. დაღესტნის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდნენ როგორც სამოქალაქო პირები, ისე პოლიციელები. ორის მდგომარეობა მძიმეა.
29 ოქტომბერს, საღამოს, თელ-ავივიდან სამგზავრო თვითმფრინავის დაშვების წინ, მაჰაჩყალის აეროპორტში ასეულობით ადამიანი შეიკრიბა ანტისემიტურ აქციაზე. მონაწილეებს თან ჰქონდათ პალესტინელთა დროშები და პლაკატები ანტისემიტური ლოზუნგებით და მოითხოვდნენ, რეგიონიდან ებრაელების განდევნას. პოლიციამ აქციის მონაწილეთა შეჩერება ვერ შეძლო. მათ ადგილობრივ სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს და აეროპორტის შენობასა და ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შეაღწიეს. მოგვიანებით, თვითმფრინავში შეჭრაც სცადეს. ხელისუფლებამ აეროპორტში სპეცდანიშნულების რაზმიც გაგზავნა და გვიან ღამით გამოაცხადა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, ხელისუფლება აეროპორტში შეჭრის ფაქტზე კომენტარს დიდხანს არ აკეთებდა და ინფორმაცია არც რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებით ვრცელდებოდა. დაახლოებით სამი საათის შემდეგ გამოქვეყნდა ოფიციალური ცნობა, რომ საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა მასობრივი არეულობების მუხლით.
მაჰაჩყალის აეროპორტი ისევ დაკეტილია. რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სააგენტოს მიერ დღეს, 30 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, აეროპორტი სავარაუდოდ, 31 ოქტომბერს გაიხსნება სამართალდამცავების მიერ მთელი ტერიტორიის დეტალურად შემოწმების შემდეგ.


