სასაზღვრო სამსახური: არალეგალები პოლონეთში შემოღწევას რუსული ვიზებით ცდილობენ
27/10/2023 13:06:39 მსოფლიო
პოლონელი მესაზღვრეები სულ უფრო ხშირად აკავებენ არალეგალურ მიგრანტებს რუსული ვიზებით, რომლებიც ცდილობენ საზღვრის გადაკვეთას. ამის შესახებ RMF FM-ისთვის მიცემულ კომენტარში პოლონეთის საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა კონრად შვედმა ისაუბრა.
მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ მთავარი მიმართულება, საიდანაც უცხოელები შედიან ბელარუსიაში, რუსეთია.
ეს, მათ შორის, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ახლო აღმოსავლეთიდან მინსკის მიმართულებით პირდაპირი ფრენების ბლოკირების შესახებ გადაწყვეტილებით.
შვედი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ ინდოეთის და პაკისტანის მკვიდრების მხრიდან საზღვრის გადაკვეთის მცდელობის შემთხვევები გახშირდა, მაშინ როცა თავდაპირველად ახლო აღმოსავლეთის, ავღანეთისა და აფრიკის ქვეყნების მაცხოვრებლები ლიდერობდნენ.
გარდა ამისა, არალეგალთა ახალ ნაკადებში პრაქტიკულად არ ფიქსირდებიან ქალები და ბავშვები.
პოდლასკის სასაზღვრო დეპარტამენტის ინფორმაციით, ოქტომბერში პოლონეთ-ბელსრუსიის საზღვრის უკანონო გადაკვეთის 1500-ზე მეტი მცდელობა დაფიქსირდა. წლის დასაწყისიდან მსგავსი 22 ათასი შემთხვევა აღირიცხა.
2023 წლის აგვისტოში პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსეთი და ბელარუსი აწყობენ მიგრაციის მორიგ ხელოვნურ ტალღას რეგიონის დესტაბილიზაციის მიზნით. მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში პოლონეთმა, ჩეხეთმა და ავსტრიამ გააძლიერეს კონტროლი სლოვაკეთის საზღვარზე „ბალკანური მარშრუტით“ გაზრდილი არალეგალური მიგრაციის გამო.


