
კვლევა: რა აწუხებთ ახალგაზრდებს
26/09/2023 16:00:21 საზოგადოება
ახალგაზრდების უმრავლესობა (58%) ამბობს, რომ არ აქვს სამსახური. ყოველი ხუთი გამოკითხულიდან ერთი (21%) აქტიურად ეძებს სამსახურს, – ამის შესახებ საუბარია ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დაკვეთით მომზადებულ კვლევაში, რომელიც საქართველოში ახალგაზრდების ცხოვრების ასპექტების შესწავლას ისახავდა მიზნად.
კვლევის მიხედვით, 25-29 წლის ახალგაზრდების თითქმის ნახევარი არც დასაქმებულია და არც სწავლობს:
- „14-29 წლის ახალგაზრდების თითქმის ერთი მესამედი (35%) დასაქმებულია. აქედან 20% დასაქმებულია სრული განაკვეთით, 4% – ნახევარი განაკვეთით, 2% – დასაქმებულია პერიოდულად, 9% კი ამბობს, რომ თვითდასაქმებულია. დასაქმებულთა უმეტესობა მუშაობს კერძო სექტორში (72%), მხოლოდ 16% დასაქმებულია საჯარო სამსახურებში, ხოლო გამოკითხულთა დარჩენილი ნაწილი დასაქმებულია სხვა სექტორებში.
- ახალგაზრდების ორი მესამედი (65%) ამბობს, რომ ისინი ფინანსურად, მეტწილად, სხვა ადამიანებზე (მაგალითად, მშობლებზე, პარტნიორებზე, ნათესავებზე) არიან დამოკიდებულნი, ხოლო გამოკითხულთა 38% აღნიშნავს, რომ მათ საკუთარი შემოსავალი აქვთ, მაგალითად, ხელფასი, სესხი ან გრანტი, ან უძრავი ქონების გაქირავებისგან მიღებული შემოსავალი.„ახალგაზრდა მამაკაცებს, ასევე, მათ, ვინც 25-29 ასაკობრივ ჯგუფშია, თბილისში ცხოვრობს და უმაღლესი განათლება აქვს, უფრო ხშირად აქვთ საკუთარი შემოსავალი, ვიდრე ახალგაზრდა ქალებს, მათ, ვინც 24 წლამდე ასაკშია, თბილისის გარეთ ცხოვრობს და საშუალო განათლება აქვს.
- ახალგაზრდების 58% აცხადებს, რომ ამჟამად არაა დასაქმებული. მამაკაცები (43%), თბილისში მცხოვრებები (45%), შედარებით უფროსი (49%) და უმაღლესი განათლების მქონე (59%) ახალგაზრდები უფრო ხშირად არიან დასაქმებულები, ვიდრე ქალები (26%), თბილისს გარეთ მცხოვრებები (30%), 18-24 წლის (38%) და საშუალო განათლების მქონე (41%) ახალგაზრდები.
- 14-29 წლის ახალგაზრდების დაახლოებით 31% აღნიშნავს, რომ ამჟამად არც განათლებას იღებენ, არც რაიმე სასწავლო კურსს გადიან და არც მუშაობენ. ეს მახასიათებელი უფრო ხშირად გვხვდება ქალებში, 25-29 წლისა და თბილისს გარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებში.
- კვლევის მონაწილეები ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად უმუშევრობას, მზარდ ფასებსა და განათლების საკითხებს ასახელებენ. ამას ნაწილობრივ ადასტურებს ფოკუსჯგუფის შედეგებიც, ეკონომიკურ პრობლემებსა და განათლების დაბალ დონესთან ერთად, ახალგაზრდები ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ასახელებენ „კოვიდ 19-ის“ პანდემიას, ჯანდაცვის სისტემის პრობლემებსა და მიგრაციას.
- ახალგაზრდების უმრავლესობა, რომლებიც საზღვარგარეთ სასწავლებლად ან სამუშაოდ იმყოფებოდნენ, აღნიშნავს, რომ მოგზაურობდა უმეტესად მუშაობის მიზნით (62%). ამასთან, საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილება უფრო მეტად აქვთ სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს (82%), რაც იმაზე მიუთითებს, რომ სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები უფრო ხშირად მიდიან საზღვარგარეთ, სავარაუდოდ, სეზონურ სამუშაოებზე. განათლების მიღების მიზნით საზღვარგარეთ წასვლის გამოცდილება ახალგაზრდების მხოლოდ მეხუთედს აქვს.
- ახალგაზრდები სხვა ქვეყანაში გადასვლის ორ მთავარ მიზეზად ასახელებენ უფრო მაღალი ხელფასის (57%) და უკეთესი განათლების მიღების (45%) შესაძლებლობებს. მაღალი ხელფასის ფაქტორი უფრო მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მამაკაცებისთვის და ყველაზე უფროსი ასაკობრივი ჯგუფისთვის (25-29 წლის ახალგაზრდები), ხოლო განათლება უფრო მნიშვნელოვანია ქალებისათვის და შედარებით უფრო ახალგაზრდა რესპონდენტებისთვის. ემიგრაციისთვის ყველაზე ხშირად დასახელებული მიმართულებებია ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია და ევროპის სხვა ქვეყნები.
- ფოკუსჯგუფების მონაწილეები ემიგრაციას საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ასახელებენ და განმარტავენ, რომ ახალგაზრდებს ქვეყნის დატოვება არსებული მატერიალური სიდუხჭირის გამო უწევთ. ემიგრაციის მიზეზად ასევე სახელდება განათლების დაბალი დონე და საქართველოში პიროვნული ზრდისა და სასურველი მიზნების მიღწევის პერსპექტივის ნაკლებობა.
- რესპონდენტები მომავალს მეტწილად დადებითად უყურებენ. გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა (77%) ფიქრობს, რომ მათი ოჯახების ცხოვრების დონე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გაუმჯობესდება. ახალგაზრდები შედარებით ნაკლებ ოპტიმისტურად აფასებენ ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებს. ამის მიუხედავად, უმრავლესობა (59%) მიიჩნევს, რომ საქართველოში ცხოვრების დონე უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში გაუმჯობესდება.
- რესპონდენტების თითქმის ნახევარზე მეტი მნიშვნელობას ანიჭებს სამსახურის პოვნის ისეთ არამერიტოკრატიულ საშუალებებსაც, როგორებიცაა შეძლებული ოჯახის შვილობა (73%), მეგობრები და ნათესავები (68%) და გავლენიან ინდივიდებთან კავშირები (66%). ახალგაზრდების მხოლოდ ყოველი მეხუთე გამოკითხული (22%) მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიის წევრობა სამსახურის პოვნისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია”, – ვკითხულობთ კვლევაში.
კვლევის თანახმად, ახალგაზრდებმა, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, ღირებულებებიც განიხილეს და შესაბამის კითხვებს უპასუხეს.
ანგარიშში წერია, რომ მართალია, ტრადიციები და „თვითტრანსცენდენტურობა“ ორივესთვის ღირებულია, ახალგაზრდებსა და უფროს თაობებს შორის განსხვავება იმაშიც ვლინდება, რომ ახალგაზრდები უფრო ღია არიან საზოგადოებრივი ცვლილებებისა და ახალი გამოწვევების მიმართ. ახალგაზრდებს მეტი მიმღებლობა აქვთ უმცირესობების ჩართულობის მიმართ თავიანთ ქვეყანაში. ამის მიუხედავად, ჰომოფობია და უარყოფითი დამოკიდებულებების სიჭარბე არადომინანტური ჯგუფების მიმართ კვლავ ხშირია, მათ შორის ახალგაზრდებში.
კვლევის მიხედვით, მართალია, ახალგაზრდები საქართველოში თავს ევროპელებად მიიჩნევენ და მიაჩნიათ, რომ „ევროპულ ღირებულებებს“ იზიარებენ, მათთვის პრიორიტეტული და უფრო ფასეული „ქართული ეროვნული“ ღირებულებებია.
ახალგაზრდების კიდევ ერთი მახასიათებელია მონაწილეობითი ღირებულებებისგან გამიჯვნა და სპორადული [არათანმიმდევრული] ჩართულობა ფორმალურ თუ არაფორმალურ აქტივობებში. აქტივისტებისა და მთავრობის წარმომადგენლების აზრით, ქვეყანაში სამოქალაქო მონაწილეობისა და აქტივიზმის დაბალი მაჩვენებელი ფართოდ გავრცელებულ სოციალურ ნიჰილიზმსა და სოციალურ აპათიას უკავშირდება. თუმცა, ეს ასევე შეიძლება უკავშირდებოდეს გარე ჯგუფების მიმართ სკეპტიციზმის ზოგად პატერნებსა და ინსტიტუტების მიმართ უნდობლობას, რაც ასოციაციების წევრობის დაბალ მაჩვენებელში, სოციალურ შეკრებებში დაბალ მონაწილეობაში და სოციალური ინსტიტუტების მიმართ უნდობლობაში გამოიხატება.
როდესაც საქმე იდენტობას ეხება, ახალგაზრდების უმრავლესობა საკუთარ თავს ხედავს, როგორც საქართველოს მოქალაქეს (94%), როგორც ადამიანს საკუთარი ქალაქიდან, სოფლიდან ან რეგიონიდან (77%), როგორც საკუთარ ეთნიკურ ჯგუფთან მიკუთვნებულს (62%) და როგორც კავკასიის რეგიონთან მიკუთვნებულს (59%). ახალგაზრდები საკუთარ თავს შედარებით უფრო იშვიათად ხედავენ მსოფლიო მოქალაქედ (50%) ან ევროპელად (41%).
მსოფლიო მოქალაქეობის იდეას შედარებით უფრო უმცროსი ასაკის (14-17 წლის), ეთნიკური უმცირესობები და ქალაქის ტიპის დასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდები იზიარებენ. საკუთარი თავის ევროპელად მოაზრება ასევე უფრო ხშირი იყო ქალაქში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის, თბილისის გამოკლებით.
ფოკუს-ჯგუფებში დისკუსიის დროს ახალგაზრდები განმარტავდნენ, რომ, ძირითადად იმიტომ არ მიიჩნევენ თავს ევროპელად, რომ ქართული კულტურა სრულიად განსხვავდება ევროპული კულტურისგან.
ახალგაზრდების ნაწილისთვის საქართველო ჯერ კიდევ არ არის ევროპის ნაწილი, ვინაიდან აკლია ევროპული ცნობიერება და განვითარება არაერთი მიმართულებით. მეორე მხრივ, ისინი, ვინც თავს ევროპელად ხედავს, განმარტავენ, რომ მათი ღირებულებები, შეხედულებები, მენტალობა, აზროვნება და ყოველდღიური რუტინა ევროპულთან ახლოსაა.
ახალგაზრდების უმრავლესობა (81%) აცნობიერებს, რომ ინდივიდი არ უნდა იყოს დამოკიდებული მთავრობაზე და თვითავტონომიურობის პრინციპს უნდა იზიარებდეს. ახალგაზრდების დიდი ნაწილი (79%) ასევე მიიჩნევს, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ თავიანთი მშობლიური ენის შესწავლის საშუალება.
საქართველოში ახალგაზრდების უმრავლესობისთვის რელიგიური ინსტიტუტები გარკვეულწილად წმინდა და სანდოა. ბევრი მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში მათ განსაკუთრებული როლი აქვთ (71%) და ეწინააღმდეგებიან იმ იდეას, რომ სიტყვის თავისუფლება გულისხმობს უფლებას, აკრიტიკო ყველა რელიგია (69%). დედაქალაქთან შედარებით, ეს უკანასკნელი მოსაზრება უფრო გავრცელებულია სოფლისა და სხვა ქალაქის ტიპის დასახლებებში.
ახალგაზრდები საქართველოში ქართული კულტურის დიდი დამცველები არიან და ამ საკითხს ძალიან კონსერვატიულად უდგებიან. თუმცა, მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის მიმართ მათი დამოკიდებულებები არც თუ ისე სწორხაზოვანია.
ერთი მხრივ, უმცირესობა (41%) ემხრობა მოსაზრებას, რომ სხვადასხვა კულტურისა და რელიგიის შერწყმა საქართველოსთვის უმჯობესია, უმრავლესობა (66%) კი მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ იმიგრანტები უნდა მოერგონ საქართველოს კულტურულ ტრადიციებს. ამ უკანასკნელ მოსაზრებას უფრო ემხრობიან სოფლისა (70%) და ქალაქის ტიპის დასახლებებში (67%), ვიდრე დედაქალაქში (58%).
ამასთან, თითქმის თანაბარია იმ ახალგაზრდების რაოდენობა, ვინც ემხრობა და ვინც ეწინააღმდეგება ჰომოგენურობისა და განსხვავებული კულტურების მიმართ ტოლერანტობის იდეას: 53% ეთანხმება და 47% ეწინააღმდეგება მოსაზრებას, რომ ქვეყნისთვის უმჯობესია, თუ თითქმის ყველა ერთნაირ წესჩვეულებებს მისდევს, ხოლო 51% ეთანხმება და 49% ეწინააღმდეგება მოსაზრებას, რომ საქართველოს ბევრ სხვა ქვეყანასთან საერთო კულტურული მახასიათებლები აქვს და მათი გავლენის მიმართ ღიაა.
ზემოთ ნახსენებ პირველ მოსაზრებას მეტად ემხრობიან ახალგაზრდები, რომელთაც დაწყებითიან არასრული საშუალო განათლება აქვთ მიღებული (59%), ხოლო მეორე მოსაზრებას მეტად ემხრობიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები (75%).
პიროვნულ ღირსებასა და გულწრფელობასთან დაკავშირებული ღირებულებები ახალგაზრდებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
თითქმის ყველა აღნიშნავს, რომ პარტნიორის ერთგულება (95%), პასუხისმგებლობის აღება (95%), დამოუკიდებლობა (95%) და წარმატებული კარიერის შექმნა (93%) მათთვის მნიშვნელოვანია. შემდეგი ყველაზე გავრცელებული ღირებულებები კეთილდღეობასთან ასოცირდება.
თუმცა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ღირებულებებს, როგორიცაა ჯანსაღი კვება (91%), კარგი შესახედაობა/გარეგნობა (88%) და სპორტით დაკავება (82%) ახალგაზრდები უფრო მეტად იზიარებენ, ვიდრე ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა გამდიდრების მცდელობა (67%).
ამას გარდა, ოჯახური ღირებულებები, შვილების ყოლა (88%) და ქორწინება (77%) ასევე საკმაოდ ან ძალიან მნიშვნელოვანია. ოჯახური ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია მამაკაცებისა და 25-29 წლის ახალგაზრდებისთვის. ამასთან, დედაქალაქს გარეთ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ქორწინება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დედაქალაქში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.
პოლიტიკურ და სამოქალაქო მონაწილეობასთან დაკავშირებული ღირებულებები, როგორიცაა პოლიტიკაში აქტიურობა (22%) და სამოქალაქო აქტივობა (43%) ახალგაზრდებისთვის ნაკლებმნიშვნელოვანია.
ეს ღირებულებები მცირედით უფრო მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ყველაზე უმცროსი წარმომადგენლებისთვის (14-17), სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით.
ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებები ახალგაზრდებისთვის „პიროვნული ღირსება“, და „პატიოსნება/წესიერებაა“. ასევე ხშირად სახელდება „ერთგულება“ და „გულწრფელობა“.
როდესაც სექსუალობაზე მიდგება საქმე, ახალგაზრდების ნახევარზე მეტი (55%) მიიჩნევს, რომ სექსუალური თავშეკავება ღირებულებაა/ღირსებაა ორივე სქესისთვის, ხოლო ახალგაზრდების ერთი მეოთხედისთვის ეს მოძველებული ცნებაა.
თბილისში მცხოვრები ახალგაზრდები (35%) უფრო მეტად მიიჩნევენ ამ ღირებულებას მოძველებულად, სხვა ქალაქებში (20%) და სოფლად (22%) მცხოვრებ ახალგაზრდებთან შედარებით. უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდები ასევე უფრო კრიტიკულად უდგებიან სექსუალური თავშეკავების საკითხს, დაწყებითი/არასრული საშუალო განათლებისა და საშუალო განათლების მქონე ახალგაზრდებთან შედარებით.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების დიდი უმრავლესობა არასდროს მიიჩნევს გამართლებულად ფიზიკურ (76%) და სიტყვიერ (69%) აგრესიას ან შეურაცხყოფის მიყენებას ქვიარ ადამიანებისთვის, სხვა თვალსაზრისით, მათი დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობების მიმართ, ძირითადად, უარყოფითი და კრიტიკულია.
ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ ქვიარ ადამიანებს თავიანთი სექსუალური ორიენტაციის გამო მკურნალობა სჭირდებათ. ამ მიმართულებით ქალები და დედაქალაქში მცხოვრები ახალგაზრდები უფრო ტოლერანტულ დამოკიდებულებებს ამჟღავნებენ.
ინსტიტუტებს შორის ახალგაზრდები ყველაზე მეტად ენდობიან ჯარს (74%), ეკლესიას/ რელიგიური აღმსარებლობის ინსტიტუტებს (67%), პოლიციას (48%) და სასამართლოებს (39%). ჯარს და ეკლესიას დედაქალაქს გარეთ მცხოვრები ახალგაზრდები უფრო მეტად ენდობიან. ეკლესიას ასევე მეტად ენდობიან დაწყებითი და საშუალო განათლების მქონე ახალგაზრდები, უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდებთან შედარებით.
ახალგაზრდები ინსტიტუტებს შორის ყველაზე ნაკლებად ენდობიან პოლიტიკურ პარტიებს (79% არ ენდობა), მედიას (74% არ ენდობა), პრეზიდენტს (71% არ ენდობა), პროფკავშირებს (67% არ ენდობა) და ეროვნულ მთავრობას (66% არ ენდობა). ამ ინსტიტუტებს ყველაზე ნაკლებად ენდობიან თბილისში მცხოვრები ახალგაზრდები, ხოლო ქალები, მამაკაცებთან შედარებით მეტ ნდობას ამჟღავნებენ.
გამოკითხვამ გამოავლინა სამი ჯგუფი, რომელიც ახალგაზრდებისთვის ყველაზე მეტად მიუღებელია: ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანები (61%), ქვიარ ადამიანები (46%) და რუსეთიდან შემოსულები (44%), რომლებსაც ახალგაზრდები არ მისცემდნენ ქვეყანაში შემოსვლის უფლებას, რომ შეეძლოთ.
მეორე მხრივ, ახალგაზრდებისთვის ყველაზე მისაღები ადამიანები არიან მრავალშვილიანი დედები, რელიგიური ადამიანები, იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები.
ახალგაზრდების უმრავლესობა კვლავ მშობლებთან ან რომელიმე მშობელთან ერთად ცხოვრობს. მხოლოდ 3% ცხოვრობს ცალკე, ხოლო დაახლოებით მეოთხედი (24%) პარტნიორთან ან მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ზოგადად, ახალგაზრდებს მშობლებთან კარგი ურთიერთობა აქვთ (58% აცხადებს, რომ ერთმანეთს კარგად უგებენ, 38% კი – რომ ძირითადად უგებენ ერთმანეთს).
ახალგაზრდების მეოთხედი (25%) დაოჯახებულია, თუმცა ეს მაჩვენებელი მამაკაცებს და ქალებს შორის განსხვავდება. ქალები უფრო ხშირად (36%) არიან დაოჯახებულები, მამაკაცებთან (14%) შედარებით. თითქმის ყველა დაოჯახებულ ახალგაზრდას შვილებიც ჰყავს. რაც შეეხება იმათ, ვისაც ჯერ შვილები არ ჰყავს, 77% აპირებს შვილების ყოლას მომავალში. ხოლო როდესაც შვილების სასურველ სქესზე მიდგება საქმე, უმრავლესობა (58%) ამ საკითხის მიმართ ინდიფერენტულია.
- კვლევისვე მიხედვით, „ახალგაზრდების დაახლოებით ერთი მესამედი საზღვარგარეთ ერთიდან ხუთ წლამდე წასვლის სურვილს გამოთქვამს. ახალგაზრდები საზღვარგარეთ ცხოვრების სურვილს ორი ძირითადი მიზეზით ხსნიან: უფრო მაღალი ხელფასები (57%) და უკეთესი განათლება (45%)“.
როგორც კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, ფოკუს-ჯგუფებში დისკუსიის დროს ახალგაზრდებმა ემიგრაცია ქვეყნის წინაშე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად დაასახელეს და აღნიშნეს, რომ ახალგაზრდები ქვეყანას, ძირითადად, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ტოვებენ.
აქვე ნათქვამია, რომ სხვა მიზეზებს შორის დასახელდა განათლების დაბალი დონე და პიროვნული განვითარებისა ან რაიმეს მიღწევის შესაძლებლობების სიმწირე. ახალგაზრდები აცხადებენ, რომ მათ საქართველოდან წასვლა უკეთესი განათლების მიღებისა და უკეთესი ცხოვრებისთვის სურთ.
კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების დაახლოებით 40% აცხადებს, რომ საზღვარგარეთ უმოგზაურია.
იმ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც საზღვარგარეთ სასწავლებლად ან სამუშაოდ იმყოფებოდა, 62% აცხადებს, რომ საზღვარგარეთ მუშაობდა.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ემიგრაციისთვის ყველაზე სასურველი მიმართულებებია ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია და სხვა ევროპული ქვეყნები. თუ შევაჯამებთ, ახალგაზრდების 52 პროცენტისთვის ევროპა ემიგრაციის ყველაზე სასურველი მიმართულებაა. ეთნიკურად ქართველ ახალგაზრდებთან შედარებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მცირედით უფრო მეტად სურთ ისეთ მეზობელ ქვეყნებში სურთ გადასვლა, როგორიცაა სომხეთი, აზერბაიჯანი ან რუსეთი.