
საქართველოს TOP-სავაჭრო პარტნიორები და საქონელი
19/09/2023 07:59:35 ეკონომიკა
2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით სავაჭრო ბრუნვამ 14 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.8%-ით მეტია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საგარეო ვაჭრობის წინასწარი შედეგების მიხედვით, მთლიან ვაჭრობაში ექსპორტი 4 მილიარდ 079 მილიონი დოლარი იყო. ზრდა - 14.4%-ია. იმპორტი 9 მილიარდ 925 მილიონი დოლარი იყო, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 17.8%-ით აღემატება.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში, 5 მილიარდ 846 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.7%-ია.
2023 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი და აშშ.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს ჩრდილოელი მეზობელი 8 თვის მონაცემებით ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო. რუსეთს მთლიან ვაჭრობაში 12%-იანი წილი უკავია. ამ პერიოდში საქართველო-რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ 686 მილიონი დოლარი შეადგინა.
ოფიციალური სტატისტიკით, უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებია:
- აზერბაიჯანი (567.8 მლნ. აშშ დოლარი),
- სომხეთი (552.3 მლნ. აშშ დოლარი).
უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში რუსეთმა მესამე ადგილი დაიკავა. მიმდინარე წლის პირველი 8 თვის განმავლობაში საქართველომ რუსეთში 461 მილიონ 385 ათასი დოლარის საქონელი გაყიდა. შესაბამისად ექსპორტის მაჩვენებლის წლიურად 15.3%-ით გაიზარდა.
ამ პერიოდისთვის რუსეთში მთავარი საექსპორტო საქონელი ყურძნის ნატურალური ღვინოები იყო. საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი საქონლის TOP-5-ეული კი ასეთია:
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 112.1 მლნ დოლარი, 41 357 ტონა;
- მსუბუქი ავტომობილები - 66.6 მლნ დოლარი, 4 925 ცალი;
- ფეროშენადნობები - 45.3 მლნ დოლარი, 36 244 ტონა;
- მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე - 42.9 მლნ დოლარი, 78 574 ტონა;
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 41.9 მლნ დოლარი, 53 911.
სტატისტიკის მიხედვით, რუსეთიდან საქონლის იმპორტი, ექსპორტს აღემატება. წელს იანვარ-აგვისტოში რუსეთიდან ქვეყანაში 1 მილიარდ 225 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შემოვიდა, რაც გასული წლის იმპორტს 14.7%-ით აღემატება. ამგვარად რუსეთი უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში 12.3%-იანი წილით მეორე ადგილს იკავებს.
მთავარი საიმპორტო საქონლის ჩამონათვალში პირველ ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს. TOP-5 იმპორტირებული საქონლის რეიტინგი კი ასეთია:
- ნავთობი და ნავთობრპოდუქტები - 435 მლნ დოლარი, 622 697 ტონა;
- ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - 96.3 მლნ დოლარი, 363 830 ტონა;
- ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - 34.6 მლნ დოლარი, 69 890 ტონა;
- ხორბალი და მესლინი - 32 მლნ დოლარი, 117 907 ტონა;
- წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 29.3 მლნ დოლარი, 48 175 ტონა.
2023 წლის იანვარ-აგვისტოში საექსპორტო საქონელი:
- მსუბუქმა ავტომობილები – 1 368.4 მლნ. აშშ დოლარი, რაც მთელი ექსპორტის 33.5%–ს შეადგენს.
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 411.7 მლნ. აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 10.1%),
- ყურძნის ნატურალური ღვინოები – 169.3 მლნ. აშშ დოლარი (4.2%).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი:
- მსუბუქი ავტომობილები – 1 957.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 19.7%,
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები 716.2 მლნ. აშშ დოლარი (იმპორტის 7.2%),
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 354.3 მლნ. აშშ დოლარი (იმპორტის 3.6%).