ფაშინიანმა სომხეთის იმ ქვეყნებთან მიერთება დააანონსა, რომლებიც ჰააგის ორდერით პუტინს დააკავებენ

14-09-2023 13:08:36 კავკასია

სომხეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებას "სრული მოცულობით" მოახდენს, შესაბამისი "პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და გადახედვას არ ექვემდებარება" - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

როგორც მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქვეყნის მთავრობამ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს რომის სტატუტი რატიფიცირებისთვის უკვე გადაუგზავნა და უკან დახევას არ აპირებს.

ამასთან, მისივე განმარტებით, "ეს არ წარმოადგენს რუსეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს და მხოლოდ და მხოლოდ სომხეთის უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება".

ფაშინიანმა შეახსენა კანონმდებლებს, რომ სომხეთმა რატიფიცირების პროცესი ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში დაიწყო და ეს, "სამწუხაროდ, დროში დაემთხვა რუსეთსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის ურთიერთობების ნეგატიურ კონტექსტს".

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, რომ იქმნება ნეგატიური კონტექსტი, მაგრამ ჩვენს სხვა პარტნიორებთან ურთიერთობებს ვერ გავყინავთ და მათ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს ვერ უგულებელვყოფთ. ჩვენი სწრაფვა, სტატუტის რატიფიცირება მოვახდინოთ, აზერბაიჯანთან საზღვარზე არსებულ დაძაბულობას უკავშირდება: ვახდენთ რატიფიცირებას, რადგან გვსურს, 2022 წლის სექტემბრისა და 2021 წლის მაისის მოვლენები (მთიან ყარაბაღში ვითარების ესკალაციის პერიოდები - რედ.) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ შეისწავლოს. ამას შეუძლია, მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაზე იმ პირობებში, როდესაც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია ჩვენი რესპუბლიკის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებდა და არ ასრულებს" - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის მარტში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულის ბრალდებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა.

სომხეთმა რომის სტატუტს ჯერ კიდევ 1998 წელს მოაწერა ხელი. 2022 წლის ბოლოს ქვეყნის მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ საერთაშორისო დოკუმენტის სომხეთის კონსტიტუციასთან შეაბამისობის შეწავლა სთხოვა და 24 მარტს დადებითი დასკვა მიიღო.

სტატუტის რატიფიცირების შემდეგ სომხეთი მიუერთდება იმ ქვეყნების ჯგუფს, რომლებიც ვალდებულნი არიან, მათ ტერიტორიაზე გამოჩენის შემთხვევაში პუტინი დააკავონ.

ამასთან დაკავშირებით მოსკოვმა ერევანს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით განმარტებები უკვე მოსთხოვა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, მოსკოვის შემდგომი ნაბიჯები ერევნის პასუხზე იქნება დამოკიდებული.

ამასთან, როგორც TACC რუსეთის საგარეო უწყებაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, ერევანი "უკიდურესად ნეგატიური შედეგების" შესახებ გააფრთხილეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები