კრემლი ახალი ჯანყისთვის ემზადება

31-08-2023 13:49:20 ეს საინტერესოა

კრემლი მიიჩნევს, რომ რუსეთში ევგენი პრიგოჟინის ლიკვიდაციის შემდეგ ახალი სამხედრო აჯანყების საფრთხე არსებობს,– იუწყება The Moscow Times–ს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. კერძოდ, კრემლთან დაახლოებულ ორ თანამოსაუბრეზე და ხელისუფლების წარმომადგენელზე, რომელიც სამართალდამცავ უწყებებში მსახურობდა.

წყაროების ცნობით, სპეცსამსახურები უკვე მუშაობენ იმ მიმართულებით, რომ გააკონტროლონ და არ დაუშვან "გამოსვლა", მსგავსი იმისა, რაც "ვაგნერმა" ივნისის ბოლოს მოაწყო.

ტანკებმა, რომლებიც მოსკოვს 200 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე მიუახლოვდნენ, წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინეს ვლადიმირ პუტინზე. პრიგოჟინმა გამოიწვია არა მხოლოდ სამხედრო მეთაურები, არამედ არ დაემორჩილა პრეზიდენტის პირად ბრძანებას, შესაბამისად, რეჟიმისთვის საფრთხედ იქნა მიჩნეული,– განუცხადა The Moscow Times-ს ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ოთხმა წყარომ.

პრიგოჟინის მემკვიდრეობაა სამხედრო ნაწილები, რომლებსაც საბრძოლო გამოცდილება მიღებული აქვთ უკრაინაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში და მათ მხარს უჭერს ტელეგრამ–არხებისა და პოლიტტექნოლოგების მედია იმპერია. კრემლი ამჟამინდელი ფორმით კერძო სამხედრო კომპანიის შენარჩუნებას ვერ შეძლებს,– განუცხადეს წყაროებმა The Moscow Times-ს: "ვაგნერი" დაიშლება.

„ვაგნერის" ბევრ წევრს მიაჩნია, რომ პრიგოჟინის დაღუპვის უკან შესაძლოა, ხელისუფლება იდგეს. და ხელისუფლებას არ შეუძლია უგულებელყოს ასეთი რისკები“, - ამბობს nternational Crisis Group–ის ანალიტიკოსი ოლეგ იგნატოვი.

პრიგოჟინის ლიკვიდაციიდან ორი დღის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც "ვაგნერელებს" ერთგულების ფიცის დადებას სთხოვს. ყველა გასამხედროებული ფორმირება ვალდებულია, დადოს ფიცი სახელმწიფო დროშის წინ და დაიფიცოს, რომ დაიცავს „კონსტიტუციურ წესრიგს“.

„პუტინს სურს, უფრო მჭიდროდ გააკონტროლოს "ვაგნერი", რათა დარწმუნდეს, რომ მას მომავალში მსგავს კრიზისს არ წააწყდება“, - თქვა Royal United Services Institute–ის მკვლევარმა ნათია სესკურიამ. მისი ხედვით, დიდი ალბათობით, პრიგოჟინის მხარდამჭერებს შორის იქნებიან ისეთებიც, რომლებიც ფიცს არ დადებენ: „ამან შესაძლოა, პუტინს გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემები შეუქმნას“.

როგორც ჩანს, პუტინი საკმაოდ რეალისტურად მიიჩნევს ახალი აჯანყების ან შეთქმულების საფრთხეს, – წერს პოლიტიკური ანალიტიკოსი აბას გალიამოვი. მისი ხედვით, ამას მოწმობს თუნდაც ის გარემოება, რომ პუტინი წავიდა პრიგოჟინის ლიკვიდაციაზე მიუხედავად იმისა, რომ ამან ბევრი პროექტი დააყენა საფრთხის ქვეშ. რაც თავის მხრივ იმაზე მეტყველებს, რომ პუტინის პრიორიტეტები ძალაუფლების შენარჩუნებაა და არა გარე გაფართოება, – დასძენს გალიამოვი.

„პუტინის პრობლემა გახლავთ ის, რომ მისი იმიჯი გაიცვითა და აღარ პასუხობს რუსეთის მოთხოვნას ძლიერი და გადამწყვეტი ლიდერის შესახებ, რომელიც მიზნებს სწრაფად, მინიმალური ხარჯებითა და მსხვერპლით მიაღწევს. ეს მოხდა უკრაინის ხელში ჩაგდების წარუმატებელი ოპერაციისა და ომის გაჭიანურებულ ეტაპზე გადასვლის შემდეგ, ”- ამბობს იგნატოვი nternational Crisis Group–დან.

”მკაფიოა, რომ პუტინი კარგავს პრიგოჟინის მსგავს ქარიზმატულ პერსონაჟებს, რომლებიც მზად არიან, თქვან სიმართლე და მიიღონ ყველაფერი ისეთი, როგორც არის”, - ამბობს ექსპერტი.

იხილეთ ასევე: „ერთი პრობლემა მოიშორა, მაგრამ მეორე შექმნა“: პუტინის სასახლესთან „დაშვებული“ თვითმფრინავი და შესაძლო შედეგები

გამომძიებელი ჟურნალისტი ხრისტო გროზევი ამბობს, რომ მართალია, კრემლმა შეძლო, „ვაგნერის“ ყველა ხელმძღვანელისთვის ერთად მოეკვეთათ თავები და ამ ეტაპზე დაჯგუფებაში არ დარჩა ადამიანი, რომელიც მის ხელმძღვანელობას შეძლებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უახლოეს თვეებში არ გამოჩნდება ვინმე, რომელიც ისარგებლებს ათასობით შეიარაღებულ, გაწვრთნილ და ნაბრძოლ დაქირავებულებში ჩამოყალიბებული უნდობლობით, რომლებსაც შურისძიება სურთ თავიანთი ხელმძღვანელობის მკვლელობის გამო“.

ამასთან, ჟურნალისტი მიუთითებს, რომ პრიგოჟინი სიმპათიით სარგებლობდა რუსულ არმიაში, რომელთაც, განსაკუთრებით უკრაინაში გამოვლენილი პრობლემების ფონზე „მოსწონდათ მისი ხელმძღვანელობა, მოსწონდათ, თუ როგორ ააწყო „ვაგნერის სტრუქტურა“. ამ კონტექსტში ის ყურადღებას ამახვილებს გენერალ სუროვიკინზეც, რომელიც „ვაგნერის“ ჯანყის შემდეგ იზოლირებულია და როგორც იუწყებიან, გადააყენეს თანამდებობიდან: „მას რეალურად პატივს სცემდნენ არა მხოლოდ სამხედროები, არამედ უკრაინელებიც, თვლიდნენ რა, რომ ერთადერთი მაღალი დონის სტრატეგი იყო რუსეთის თავდაცვაში. რუსულ არმიაში ყალიბდება განწყობა, რომ ყველა ხარისხიან ხელმძღვანელს თავიდან იშორებენ და არ ვიცი, ეს როგორ მოახდენს პოზიტიურ გავლენას მათ საბრძოლო განწყობაზე. ამდენად, ვფიქრობ, პუტინმა ერთი პრობლემა მოიშორა, მაგრამ მეორე შეიქმნა“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები