21-08-2023 12:25:30 კომენტარი
რადიო თავისუფლების მიხედვით, 2023 წლის 15 აგვისტოს, «ფსკოვის რაიონის ქალაქ ველიკიე-ლუკში, ქარხანა „მიკრონის“ ტერიტორიაზე, ცენტრალური შესასვლელის წინ, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ლიდერის, იოსებ სტალინის რვამეტრიანი ძეგლი დაიდგა.» ეს სტალინის ძეგლების რუსეთში დემონსტრირების პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა, რუსეთის ახლანდელ პრეზიდენტს არც სიტყვით გამოსვლების დროს დაუკლია გენერალსიმუსისთვის ხოტბა და განდიდება. საინტერესოა, თუ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი.
რამდენიმე თვის წინ, ჟურნალ National Interest-ში, უნგრელი და მკვლევარების მიერ დაწერილი სტატია გამოქვეყნდა სათაურით, «დასავლეთი ვერ უგულებელყოფს სტალინის რეაბილიტაციისკენ მიმართულ პუტინის ძალისხმევას». მიუხედავად ჩემი მხრიდან საკითხის დიდი ინტერესისა, აღნიშნულ სტატიას თავდაპირველად მხოლოდ მოკლედ შევავლე თვალი და ჩავთვალე, რომ იგი ამჟამინდელი რეალობისთვის არარელევანტური იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ქართული სოციალური მედიის პრო-რუსულ ნაწილში სტალინის განდიდების თვალსაზრისით არაერთ ინფორმაციას წავაწყდი, ჩემთვის უნგრელი ავტორების მოსაზრება, უფრო საინტერესო გახდა.
მათი აზრით, «საბჭოთა დიქტატორის რეაბილიტაცია ბევრად მეტია, ვიდრე ომის დროს პროპაგანდისტული ინსტრუმენტი: ის ემსახურება პუტინის რუსეთის სტრატეგიული კულტურის ლეგიტიმაციას. თუ სტალინის მემკვიდრეობა მორალურად მისაღები და ლეგიტიმური გახდება, მაშინ პუტინის რევიზიონისტული საგარეო პოლიტიკის მიზნები - და მათი განხორციელების ყველა საშუალება - ანალოგიურად მისაღებად გარდაიქმნება. ამდენად, ევროპაში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად დასავლეთი ვალდებულია, გააცნობიეროს პუტინის ისტორიული რევიზიონიზმის თანამედროვე შედეგები.»
ვფიქრობ, მოყვანილ სტატიაში დასმული საკითხის აქტუალობის გასააზრებლად კარგი მაგალითია საქართველოც. როგორც უკვე აღვნიშნე, ქართულენოვანი სოციალური მედიის სივრცეში, მრავალი სხვადასხვა ავტორების მიერ დამონტაჟებული ვიდეო მასალა თუ წერილობითი ტექსტები, იოსებ სტალინის მოღვაწეობასთან დაკავშირებით, საკმაოდ პოპულარულია. უნდა ითქვას, რომ მათგან უმრავლესობა ერთგვარად მითოლოგიურ ხასიათს ატარებს, თუმცა ჩემი ყურადღება განსაკუთრებით მიიპყრო იოსებ სტალინის ფიგურის შედარებამ მის თანამოაზრეებსა და თანამებრძოლებთან, ვლადიმერ ლენინთან და ლეონ ტროცკისთან, რომელიც, მოგვიანებით სტალინის მოსისხლე მტრად იქცა.
ამ მტრობის მიზეზი, დიდწილად სწორედ ძალაუფლებისთვის ბრძოლა და პრაგმატული ინტერესები იყო და არა ის ღირებულებითი გამოვლინებები, რომელზეც, ზემოთ ნახსენები ვიდეო მასალა უსვამს ხოლმე ხაზს. სტალინის მხარდამჭერი ამ არხების ძირითადი მიზანი კი არის წარმოაჩინოს, თუ როგორ ებრძოდა ეს უკანასკნელი სხვადასხვა უმცირესობებს, მათ შორის ჰომოსექსუალებს, როდესაც ლეონ ტროცკის მიმდევრები მათი გულმხურვალე მომხრეები იყვნენ. პირადად ჩემთვის, ნამდვილად რთული სამტკიცებელია, იყო თუ არა ტროცკისთვის ჰომოსექსუალთა უფლებრივი მდგომარეობა ამოსავალი 1920-იანი წლების დასაწყისისათვის, თუმცა, რისი მტკიცებაც შემიძლია, არის ის, რომ დაპირისპირების ძირითადი მიზანი ძალაუფლების ბერკეტებისთვის ბრძოლა იყო და არა რომელიმე ჯგუფის უფლებებზე ზრუნვა.
სწორედ ამ კონტექსტში შეიქმნა «სოციალიზმი ერთ სახელმწიფოში» დოქტრინაც, რომელიც სტალინის მიმდევრების თავშესაფარი იყო და წინააღმდეგობაში მოდიოდა «მსოფლიო სოციალიზმის» ტროცკისეულ იდეასთან.
ლეონ ტროცკი, 1918 წლიდან ომის სახალხო კომისარი იყო, მან რიგ წარმატებებთან ერთად საშინელი დამარცხებებიც იწვნია, მათ შორის მდინარე ვისლასთან ვარშავაში, რომლის 83-ე წლისთავმა ახლახან ჩაიარა, უნგრეთში, გერმანიაში, რის გამოც, მას სოციალიზმის გავრცელების მიზნით ახალი ტერიტორიების დაპყრობა რაც შეიძლება დროზე სურდა. სამაგიეროდ, ამის აუცილებლობას საბჭოთა კავშირის ადრეულ წლებში ვერ ხედავდა იოსებ სტალინი, რადგან, მისთვის პრიორიტეტად იმპერიის შიგნით ძალაუფლების შენარჩუნება იქცა.
უნდა ითქვას, რომ სტალინის განცალკევება კომუნისტური პარტიის ნახსენები ფრთისგან პირველ რიგში მოხდა სწორედ ამ კონტექსტში. მანამდე, ისინი, რევოლუციის წინარე პერიოდში, ლენინთან ერთად საკმაოდ ჰარმონიულად თანამშრომლობდნენ. შესაბამისად, რომელიმე ჯგუფის მიმართ მათი დამოკიდებულების არგუმენტად მოხმობა, მხოლოდ მასების გრძნობებზე თამაშს და ცრუ პროპაგანდის გავრცელებას ემსახურება.
მეტიც, ის, რომ სტალინის იდეოლოგია მეტად იყო დაახლოებული ტროცკის ბოლშევიზმსთან, დასტურდება იოსებ სტალინისვე გამოქვეყნებული ნაშრომებით და პოლიტიკური პამფლეტებით. 1913 წელს, ვენაში გამოქვეყნებულ ნაშრომში, «მარქსიზმი და ეროვნული საკითხი», სტალინი მიუთითებს:
«სიონიზმის გავრცელება ებრაელებში, შოვინიზმის გაძლიერება პოლონეთში, პანისლამიზმი თათრებში, ნაციონალიზმის გავრცელება სომხებში, ქართველებსა და უკრაინელებში, ფილისტიმელთა ზოგადი გადახდა ანტისემიტიზმისკენ - ეს ყველაფერი, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტებია.
ნაციონალიზმის ტალღა მზარდი ძალით მიიწევდა წინ და ემუქრებოდა მუშათა მასას. და რაც უფრო იკლებდა ემანსიპაციის მოძრაობა, მით უფრო მეტად ყვაოდა ნაციონალიზმი.
ამ რთულ დროს სოციალ-დემოკრატიას ჰქონდა უმაღლესი მისია - წინააღმდეგობა გაეწია ნაციონალიზმისთვის და მასები დაეცვა ზოგადი „ეპიდემიისგან“. მხოლოდ სოციალ-დემოკრატიას და მხოლოდ სოციალ-დემოკრატიას შეეძლო ამის გაკეთება ნაციონალიზმის წინააღმდეგ ინტერნაციონალიზმის გამოცდილი იარაღით, კლასობრივი ბრძოლის ერთიანობითა და განუყოფელობით.»
იოსებ სტალინის ამ ნაშრომისგან, ლეინ ტროცკის რევოლუციის წინა და შემდგომი ტექსტები, ბევრით ნამდვილად არაფრით განსხვავდება. შესაბამისად, გამოდის, სტალინი ქართული ნაციონალიზმის, გამარტივებულად რომ ვთქვათ, ქართული ეროვნულობის პირდაპირი მტერი იყო, რისი გააზრებაც, ქართულ საზოგოებას დღეს ჰაერივით სჭირდება.
პროპაგანდისტული ტყუილებით, რომელიც პუტინის რუსეთისგან, იოსებ სტალინის შესახებ ჩვენს გარშემო ვრცელდება, უგულებელყოფილია რეალური ისტორია და შექმნილია მითები, რათა მისი რეაბილიტაცია მოხდეს. ხოლო, მისი ფიგურის რეაბილიტაციის გაძლიერებული მცდელობა, თუკი დასაწყისში მოხმობილ უნგრელ ავტორებს დავესესხებით, ემსახურება «მხოლოდ ვლადიმერ პუტინის ავტორიტარული რეჟიმის ლეგიტიმაციას და მისი რევიზიონისტული საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების თანამედროვეობაში მხარდაჭერას.»
როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი ფრანკლინ დ. რუზველტი, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი უინსტონ ჩერჩილი და იოსებ სტალინი შეხვდნენ იალტაში 1945 წლის თებერვალში, რათა გადაეწყვიტათ ევროპაში ომისშემდგომი წესრიგი, სტალინმა გასცა დაპირება თავისუფალი არჩევნების ჩატარებაზე პოლონეთში. მან იცრუა. იალტას ხელი არ შეუშლია სტალინისთვის აღმოსავლეთ ევროპაში თავისი იმპერიული მიზნების განხორციელებაში. ამავე თვალსაზრისით, 1993 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმი არ უშლის ხელს პუტინს უკრაინაში შეჭრასა და ომის წამოწყებაში. შესაბამისად, მიმდინარე საინფორმაციო ომში, როგორც დასავლურ სახელმწიფოებს, ასევე ჩვენ არ გვაქვს მოდუნების შესაძლებლობა.
გიორგი ლაბაძე - ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტი, თსუ