Accentnews.ge
ბანკომატი ქალების სინდრომი, ანუ ვინ გადაუხდის მადლობას საშოვრიდან დაბრუნებულ ქართლის დედას

ბანკომატი ქალების სინდრომი, ანუ ვინ გადაუხდის მადლობას საშოვრიდან დაბრუნებულ ქართლის დედას

09/08/2023 15:25:16 საზოგადოება

75 წლის ქალბატონი წლების განმავლობაში საბერძნეთში მუშაობდა და ფულს ოჯახს უგზავნიდა. როდესაც ასაკი მოერია და ჯანმა უმტყუნა, საქართველოში დაბრუნდა და მიგრანტებისთვის გათვალიწინებული დახმარების მისაღებად ვაჟიშვილთან ერთად მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას მიაკითხა. ჯანმრთელობის პრობლემებიც აწუხებდა, ამიტომ გადაწყვიტა, სამედიცინო დახმარებით ესარგებლა. ზორბა აღნაგობის, ასე ოცდათხუთმეტი წლის ვაჟი კი აგრესიულად ჩასჩიჩინებდა: ეგ არა, ბიზნეს-გრანტი აიღეო. როდესაც თანხა ეცოტავა, ჩხუბი დაუწყო: რატომ დაბრუნდი, ხომ გეუბნებოდი არ ჩამოსულიყავიო? საცოდავი ქალი ატირდა: „ჩვიდმეტი წელი ვიმუშავე და ფული გიგზავნე; ახლა ხომ ხედავ, ავად ვარ და მუშაობა უბრალოდ აღარ შემიძლიაო...“

ქალების მასობრივი შრომითი მიგრაცია საზღვარგარეთ ძირითადად 2002 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. თუ სოციალურ ქსელში გაჟღერებული ინფორმაციითა და მედია-პუბლიკაციებით ვიმსჯელებთ, ახლობლების მხრიდან გაუცხოება, ან სულაც უმადურობა საკმაოდ ხშირია. მიგრანტებთან მომუშავე არასამთავრობო სექტორის მუშაკებიც იმავე ტენდენციაზე მიუთითებენ. ანუ, მომსწრენი გავხდით შემაშფოთებელი სოციალური სინდრომისა: ქართლის დედას, რომელმაც მახვილი და თასი გვერდზე გადადო და საშოვარის გზას დაადგა, ხშირად მადლობასაც არავინ ეუბნება.

თვითტრეფიკინგი, საოჯახო ტრეფიკინგი და „გაცვეთილი საბურავების თაობა“

საზღვარგარეთ გამგზავრებისა და იქ სამუშაოდ დიდი ხნით დარჩენის გადაწყვეტილებას ქალი ხშირად უმძიმესი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იღებს. "თვითტრეფიკინგი" და "ოჯახური ტრეფიკინგი" მაქვს მხედველობაში. პირველ შემთხვევაში ქალი თავს ირწმუნებს, რომ წასვლა ოჯახის გადასარჩენადაა აუცილებელი, მეორეში კი, უკვე წასული, იმავე მიზეზით თავს დარჩენას აიძულებს. ოჯახური ტრეფიკინგი სხვა თემაა: ამ დროს ახლობლები მიგრანტზე იმდენად მძლავრ ფსიქოლოგიურ წნეხს ახორციელებენ, რომ იძულებულია, საზღვარგარეთ დარჩეს და გაუსაძლისი შრომა გააგრძელოს. ამის მაგალითად სტატიის დასაწყისში მოყვანილი ფაქტიც გამოდგება. მიგრანტების პრობლემატიკაზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის მუშაკები ყოველდღიურ რეჟიმში ისმენენ ისტორიებს პრობლემებზე, რომლებსაც შრომითი მიგრანტი ქალები დაბრუნების შემდეგ აწყდებიან. საკმაოდ ხშირია, როდესაც ქმარი და მოზრდილი შვილები კისერზე წლობით ასხედან, მერე კი აღმოჩნდება, რომ გამოგზავნილი ფულით ნაყიდი ბინა ქმარმა საკუთარ სახელზე გაიფორმა და მასში საყვარელთან ერთად მოიწყო ცხოვრება. რას აკეთებენ ამ დროს შვილები? რას და დედაში ფაქტობრივად, მხოლოდ ბანკომატს ხედავენ.

კიდევ ერთი ფაქტი: ქართველი ქალბატონი საბერძნეთში მუშაობდა და გამომუშავებულ ფულს თითქმის მთლიანად მეუღლესა და ორ შვილს უგზავნიდა. წლების შემდეგ, როდესაც საქართველოში დაბრუნდა, ქმარმა ოჯახში სხვა ქალი დაახვედრა; ვერც შვილებმა მიიღეს გაუცხოებული დედა. როცა ვერც ქმარს შეასმინა ვერაფერი და ვეღარც შვილებს, იძულებული გახდა, ისევ საბერძნეთში დაბრუნებულიყო. ამ ფაქტის შესახებაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში შევიტყვე. და სამწუხაროდ, ეს გამონაკლისი შემთხვევა ნამდვილად არ არის.

აი, რას ამბობს აღნიშნული ორგანიზაციის კონსულტანტი ციური ანთაძე:

- მქონდა ასეთი შემთხვევა: ქალი თხუთეტი წლის შემდეგ დაბრუნდა და უკვე მოზრდილი შვილის გაუცხოება იმდენად ღრმა აღმოჩნდა, რომ ხელის მოკიდებაც კი პრობლემა იყო. გაუცხოება მაშინ ყალიბდება, თუ დედა შვილს პატარა ასაკში ტოვებს და დიდი ხნით მიდის. ამას ვერც თანამედროვე ტექნოლოგიები შველის (ვიდეოკავშირი მაქვს მხედველობაში). ყოველდღიური ცოცხალი ურთიერთობა და ფიზიკური კონტაქტი სულ სხვაა. ამასთანავე, შვილები ეჩვევიან, რომ დედა უპირობოდ აგზავნის თანხას და ეს მათთვის სავსებით ბუნებრივი ხდება. ასე ყალიბდება ე.წ. „ბანკომატი დედის“ სინდრომი, ანუ დედის მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება. სხვათა შორის, არა მარტო დედის მიმართ (ფულს მარტო დედები ხომ არ აგზავნიან!). სოფლებში უკვე მასობრივი გახდა სიტუაცია, როცა ოჯახის ზრდასრული წევრები (შვილებიც და ქმრებიც მყავს მხედველობაში) უარს ამბობენ დასაქმებაზე, იმიტომ, რომ საზღვარგარეთიდან ფულს რეგულარულად უგზავნიან. ეს პრობლემა უკვე დიდ ქალაქებშიც გაჩნდა. იმერეთში ტერმინიც კი არსებობს - „გაცვეთილი საბურავების თაობა“: მოიაზრება საზღვარგარეთ წასული დედების შვილები, რომლებიც გამოგზავნილი ფულით ნაყიდი მანქანებით ქუჩებში შეშლილებივით დაჰქრიან. უამრავი ქალი წლობით შრომობს, აგზავნის ფულს, მაგრამ როდესაც ჩამოდის, ვალებში ჩაფლული ოჯახი ხვდება. იცით, რატომ? იმიტომ, რომ გამოგზავნილ იოლ ფულს ოჯახი იოლად ფლანგავს და კრედიტებსაც იღებს. ქალი ოჯახის მიერ აღებული კრედიტების მონა ხდება, ანუ იძულებულია, ემიგრაციაში დარჩეს და ფულის გზავნა გააგრძელოს...

მხოლოდ ციფრები: საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში 1 მლრდ 753 მლნ დოლარის ფულადი გზავნილები გადმოირიცხა; 2020 წელს – 1მლრდ 886 მლნ, 2021 წელს – 2 მლრდ 350 მლნ, 2022 წელს კი – 4 მლრ 372 მლნ აშშ დოლარი.

ეს ციფრები გვაჩვენებს, რომ გამომგზავნებმა არცთუ ურიგო ინვესტიცია შეიტანეს საქართველოს ეკონომიკაში, რაც თუნდაც ლარის კურსზე პოზიტიურად აისახა. ცალკე თემაა სოციალური ლანდშაფტის გაუმჯობესება: გზავნილების გარეშე სიღარიბის მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნებოდა. კარგი იქნებოდა კვლევის ჩატარება იმის დასადგენად, რამდენს შეადგენს ქალთა გზავნილების წილი შრომით მიგრანტთა მიერ გადმორიცხულ თანხებში, რაც უამრავ გენდერულ დეტალს მოჰფენდა ნათელს. თუნდაც უცხოეთში გამგზავრების რომელი მიზანი იყო პრიორიტეტული ქალთა ან მამაკაცთა შემთხვევაში - ოჯახის რჩენა, თუ საკუთარი ცხოვრების მოწყობა?

ერთხელ, საკვირაო ქადაგებაში კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა: დღეს საქართველოში შემოვიდა მანკიერი წესი, დედები ტოვებენ თავიანთ ოჯახებს, მიდიან უცხოეთში და ქმარ-შვილი უპატრონოდ რჩებათო. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს დედებს აქ უკეთესი არჩევანი ჰქონდათ და რატომღაც საზღვარგარეთ წასვლა არჩიეს. რაღაც არ მახსენდება, ეკლესიის მესვეურთ ტახტზე წამოგორებული მამრები გაეკიცხოთ, რომლებიც გადახვეწილი ცოლების ხარჯზე ცხოვრობენ და საყვარლებსაც არჩენენ. ასეთი პარადოქსული მოსაზრება ნამდვილად არ უწყობს ხელს საშოვარზე გადახვეწილ ქალთა ამაგის დაფასებას.

„რასაც დასთეს, იმას მოიმკი“

საქართველოში მამაკაცთა უმრავლესობა დღესაც პატრიარქალური ოჯახის მომხრეა. პატრიარქატი კი ოჯახის მარჩენალად მამაკაცს განიხილავს. ჩნდება კითხვა: თუ ასე მსჯელობენ, რაღატომ უშვებენ უცხოეთში ცოლებს, იმის მაგივრად, რომ თავად წავიდნენ და, პატრიარქალური წესის თანახმად, ოჯახი შეინახონ?

აი, რას ამბობს ამის შესახებ დევნილთა და სოციალურად დაუცველთა ორგანიზაცია „თანადგომის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნინო კვარაცხელია:

- ვერ აბიჯებენ თავის თავს, არ კადრულობენ... „აბა, სხვის მოსამსახურედ ყოფნა რა ვაჟკაცობაა? ქალს კი რა უჭირს, ისედაც ხომ მოსამსახურეაო!“ - ასე მსჯელობენ. ერთხელ ორგანიზაციის მუშაკები შევეკითხეთ მამაკაცს, რომელსაც ცოლი საშოვარზე ჰყავდა გაშვებული, რატომ გაუშვა ქალი და არ წავიდა თვითონ. ასეთი პასუხი მივიღეთ: „შენ ვინ ხარ ჩემს საქმეში რომ ერევი? აქ მონიტორინგისთვის დაგაყენეს და ამ საქმეს მიხედე! ჩემს ცოლს სად გავუშვებ, შენი საქმე არ არისო!“. ამ დროს ცოლის გამოგზავნილი ფულით ძმაკაცებს ლუდით, არყითა და თევზით უმასპინძლდებოდა, არც ქალებში სიარულს იკლებდა და მისი აზრით, ამის სრული უფლება ჰქონდა - „კაცი ვარ და ხომ არ მოვიჭრიო?!“. ქალი? რას ამბობთ! ქალი ჭკვიანად უნდა იყოს, იმიტომ რომ ქალია. ეს იყო და არის დიდი პრობლემა. ქალები ნაკლებად საუბრობენ ამ საკითხზე და არც შეფასებებს აკეთებენ. ერთადერთი პასუხია: „რა მექნა? რომ არ წავსულიყავი, ჩემი ქმარი იქ ამდენს ვერ შეძლებდა. მერჩივნა, აქ ყოფილიყო და ბავშვებისთვის მიეხედაო“.

ვფიქრობ, ცოლის ხარჯზე ცხოვრების გათავისების მიზეზი „დედიკოს ბიჭის“ სინდრომში უნდა ვეძიოთ, რომელსაც აღზრდა-ჩამოყალიბებაში დედის გადაჭარბებული მონაწილეობა, „ძლიერი სქესის“ საკრალიზაცია და კერპად ქცეული ძის განებივრება ახასიათებს. შედეგად მივიღეთ „ბიჭობაში“ ჩარჩენილ ეგოცენტრიკთა ლეგიონები, რომლებიც სიძნელეებისთვის მოუმზადებელნი აღმოჩნდნენ. სწორედ ამიტომაა, რომ დევნილობის ტვირთმა ძირითადად ქალების ზურგზე გადაიარა.

რამდენიმე წლის წინ ფონდმა „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ დევნილობის ტრავმაზე და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაზე ოთხი ათასზე მეტი დევნილი გამოიკვლია (როგორც 90-იანი წლების, ისე 2008 წლის ომის შედეგად ადგილნაცვალი პირები). შესწავლილ იქნა, როგორ ახერხებდნენ მამაკაცები და ქალები პრობლემების გადაწყვეტას. კვლევის მონაცემები 2015 წელს გამოქვეყნდა. ფონდის დირექტორი, ფსიქიატრი ნინო მახაშვილი აღნიშნავს, რომ კლინიკური მდგომარეობები ქალებში უფრო იყო გავრცელებული. მაგალითად, დეპრესიისკენ უფრო მიდრეკილნი ქალები აღმოჩნდნენ და მიუხედავად ამისა, მამაკაცებზე უფრო ყოჩაღად უხვდებოდნენ პრობლემებს, გეგმავდნენ მომავალს, აქტიურად ცდილობდნენ გამოსავლის მოძებნას და ა.შ. ხოლო მამაკაცები უფრო ხშირად სტრესის დაძლევის დესტრუქციულ სტრატეგიებს იყენებდნენ (ალკოჰოლი, აზარტული თამაშები, სიტუაციისგან განრიდება და სხვა).

- დევნილებთან მუშაობისას უამრავი დაკვირვება დამიგროვდა. თუ ბევრ მამაკაცს ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ დეპრესიაში ჩავარდნილიყო და არაფერი ეკეთებინა, ქალებს ამისი ფუფუნება ნამდვილად არ ჰქონიათ. დევნილების დასახლებებში თუ რამე პრობლემა აწუხებდათ, ქალის მეტი, ხმას არავინ იღებდა. სამთავრობო სტრუქტურებშიც მხოლოდ ქალები დარბოდნენ, მე იქ კაცები არასოდეს მინახავს და ეს იყო ტენდენცია. ჰოდა, წარმოიდგინეთ, მაშინაც კი, იმ უმძიმეს მდგომარეობაში, დედები ცდილობდნენ, ყველაფერი თავის თავზე აეღოთ და თავისი 14-15 წლის ბიჭები არ დაეტვირთათ, - ამბობს „აფხაზეთის ა\რ ქალთა საბჭოს“ თავმჯდომარე როზა კუხალაშვილი. მისი აზრითაც, მამაკაცთა ნაკლები მდგრადობა ზედმეტი განებივრების ბრალია. ანუ, კიდევ ერთხელ დადასტურდა ცნობილი ჭეშმარიტება: „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“:

- ქალი და მამაკაცი თანასწორნი არიან, მაშ რატომაა ქალის შრომა გაპრობლემებული?! კაცი რომ მუშაობს, მათ შორის - სიცოცხლისთვის საფრთხის პირობებში, მაგალითად, მაღაროში ან ჯარში, ეს კარგი და ნორმალურია და ქალის შრომა არა?!... უმეტეს შემთხვევაში ზუსტად მამაკაცია ოჯახის მარჩენალი, მაგრამ ამის გამო არავინ წუწუნებს. ქალს თუ უნდა თანასწორობა, შესაბამისი მოვალეობაც უნდა აიღოს საკუთარ თავზე - უფლებები უნდა შეესაბამებოდეს პასუხისმგებლობას. რაც შეეხება ცოლების საშოვარზე გაშვებას, თუ ქალი კაცის თანასწორია, რატომ არის ეს ცუდი? - ამბობს ახალგაზრდა იურისტი დათვი ლოლაძე და ასე მარტო ის როდი ფიქრობს.

ამ პოზიციის მომხრეებს ავიწყდებათ, ემანსიპაცია ვალდებულებების გადანაწილებაა და არა ქალის საპალნე ვირად გამოყენება. ცუდი ის კი არ არის, ქალი თუ საზღვარგარეთ სამუშაოდ წავა, არამედ ის, მამაკაცი რომ წამოგორდება და ცოლის გამოგზავნილი ფულით „იგრიალებს“. ცუდი კიდევ ისაა, როდესაც შვილებს დედის მიმართ არანაირი მადლიერების გრძნობა არ გააჩნიათ.

სანამ ბანკომატ-ქალებს ასაკი ხელს უწყობთ და ჯანი შესწევთ, მუშაობენ. მაგრამ წლები მიდის და ერთხელაც მასობრივი დაბრუნების პროცესი დაიწყება. ვფიქრობ, „ბანკომატი-ქალების სინდრომზე“ მორგებული ფსიქოლოგიური (და არა მარტო) რეაბილიტაცია-რეინტეგრაციის სისტემა დაგვჭირდება. უსამართლობა იქნება, თუკი პუბლიკაციის დასაწყისში აღწერილი ისტორიის გმირის დღეში აღმოჩნდებიან.

მედეა გოგსაძე

ილუსტრაცია ავტორს ეკუთვნის

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S